მე-19 დღეა, რაც ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს წინ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დღეს, 16 დეკემბერს, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცა ქუჩის გადაკეტვის შესაძლებლობა.
ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე და აჭარის პოლიციის უფროსი გრიგოლ ბესელია საპროტესტო აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლას სთხოვდნენ.


პოლიცია არც ადგილზე მყოფ ჟურნალისტებს აძლევს მუშაობის საშუალებას და აიძულებს, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, პოლიცია პროვოკაციის მოწყობას ცდილობს.
„დაცული ხართ ზედმეტად. კანონს არღვევთ და ხელოვნურად კეტავთ გზას. მობრძანდით თუ გინდათ სამსახურში და ლექციებსაც ჩაგიტარებთ.“- უთხრა აქციის მონაწილეებს ირაკლი დგებუაძემ, ბათუმის საპატრულო პოლიციის უფროსმა.

პოლიციის უფროსი აქციის მონაწილეებს ფოტოებს უღებდა და სახელსა და გვარს ეკითხებოდა.
საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, მობილიზებულია პოლიცია.