ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ.
„კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით და აღშფოთებით ვადევნებთ თვალს უკანასკნელ დღეებში ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოსული ადამიანების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების და მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ უსასტიკეს ძალადობას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომელსაც მომიტინგეთა მხრიდან ვერანაირი ძალადობის საბაბი ვერ გაამართლებს და რომელიც სამარცხვინო ჩირქს სცხებს ქართულ საზოგადოებას“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები განცხადებაში წერენ, რომ „ევროპულ ოჯახში დაბრუნება წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების იმპერატივს და ხალხის უზენაეს ნებას, რომელიც განსაზღვრულია ჩვენი წინაპრების ღვაწლით, ნათლადაა გამოხატული საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მიერ და მკაფიოდაა გაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში“.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ საუნივერსიტეტო და აკადემიური საზოგადოება ვალდებულია, იდგეს ქვეყნისა და ახალგაზრდობის მომავლის სადარაჯოზე:
„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს და მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, დადგნენ სიმართლის მხარეს“.
განცხადებას ამ დროისთვის ხელს აწერს 213 პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი, ხელმოწერები გრძელდება.
რა ხდება?
საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.
ბათუმში მეოთხე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. 29 ნოემბერს ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, იმ დღესვე გაათავისუფლეს.
ნახეთ კადრები ქუთაისში 30 ნოემბერს გამართული საპროტესტო აქციიდან: