მთავარი,სიახლეები

„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

30.11.2024
„ტურავას სახლთან მივდივართ“- ბათუმში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 30 ნოემბერს, საპროტესტო აქცია აჭარის ტელევიზიასთან დაიწყო. აქცია მოქალაქეებმა, გუშინ, 29 დეკემბერს მას შემდეგ დაგეგმეს, როცა მათი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ტელევიზიამ პირდაპირი ეთერის დათმობაზე უარი უთხრა აქციის მონაწილეებს.

დღეს ტელევიზიის წინ შეიკრიბნენ, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„ამ ტელევიზიას ჩვენ ვაფინანსებთ და ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს“ – აცხადებენ მოქალაქეები. ისინი ითხოვენ ტელევიზიამ მათ წარმომადგენლებს დაუთმოს ეთერი, რომ გაჟღერდეს საზოგადოების სათქმელი იმ ტელევიზიით, რომელსაც საზოგადოება თავად აფინანსებს.

„ბათუმელების“ პირდაპირ ჩართვაში ერთი-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა თეონა დიასამიძემ თქვა, რომ აჭარის ტელევიზია არამხოლოდ ახლა დუმს, არამედ სხვა, გადამწყვეტ მომენტებშიც.

„ფეიკნიუსი“, „სირცხვილია“, „თავისუფლება არ იყიდება“ – ეს წარწერები აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის წინ, ტროტუარზე დატოვეს. ახლა ისინი მსვლელობით მიდიან და აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას სახლთან აპირებენ მისვლას.

აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა, თემურ გორგაძემ „ბათუმელებს“ უთხრა ისიც, რომ შეიძლება გზიდან გადაუხვიონ კიდეც: „პოლიცია გვტროლავს როცა ადგილზე გვხვდება, შეიძლება ჩვენც დავტროლოთ და გზიდან გადავუხვიოთ“.

მსვლელობის შემდეგ დღეს აქცია ბათუმში 18 საათზე გაგრძელდება ევროპის მოედანზე.

  • რა ხდება?

ბათუმში მესამე დღეა მიმდინარეობს ანტირუსული საპროტესტო აქცია. გუშინ ბათუმში პირველად გამოიყვანეს სპეცრაზმი, რომელმაც აქციის 8 მონაწილე დააკავა. ორი მათგანი – ერთი ქალი და ერთი არასრულწლოვანი, გუშინვე გაათავისუფლეს.

საქართველოში 28 ნოემბრიდან აქციები მიმდინარეობს თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებში. მოქალაქეები აპროტესტებენ „ოცნების“ ხელისუფლების გადაწყვეტილებას ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების შესახებ. დაკავებულია 150-მდე ადამიანი, სპეცრაზმი და პოლიცია უსასტიკესად უსწორდება საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: