„ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობა ეხმიანება დღეს, 14 ნოემბერს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ გამართულ აქციას. სტუდენტური მოძრაობა აცხადებს, რომ მხარს უჭერენ ბსუ-ს სტუდენტებს.

განცხადება „ილიაუნის“ სტუდენტური მოძრაობის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

„ვეხმიანებით ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტს, მხარს ვუჭერთ მათ ბრძოლას მოპარული ხმისთვის და ვგმობთ თითოეული პირის მონაწილეობას არჩევნების გაყალბების პროცესში.

შევახსენებთ ბსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, რომ ჩვენი, სტუდენტების, არათუ უფლება, მოვალეობაა სამშობლოს სამსახურში დგომა, რომ ვერავინ შეძლებს ჩვენი ხმის ჩახშობას ვერც უნივერსიტეტებში და ვერც უნივერსიტეტებს მიღმა!

დღეს ჩვენც ჩვენი ხმების, სამშობლოს, თავისუფლებისა და ევროპული მომავლის გუშაგები ვართ! მოგიწოდებთ ერთიანობისკენ!

ჩვენ, სტუდენტები, როგორც საქართველოს აქტიური მოქალაქეები და დამკვირვებლები, რომლებიც თავადვე შევესწარით, როგორ ყალბდებოდა საქართველოს არჩევანი, მონაწილეობას მივიღებთ ყველა მშვიდობიან აქციასა და მსვლელობაში, რათა დავიბრუნოთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი! ვიბრძვით თავისუფლებისთვის! გავიმარჯვებთ სახელოვნად!“ – ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს, 14 ნოემბერს ბსუ-ში სტუდენტების ჯგუფი შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, რომ „ბრძოლა გრძელდება“ და არ აპირებენ შეეგუონ არჩევნების გაყალბებას. აქციის ორგანიზატორები ბსუ-ს სტუდენტური მოძრაობები, „მარტიანელები“ და „პერსპექტივაა“.

დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის ფოიეში იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ლევან ჯაყელი იმ სტუდენტებს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებენ ლექციების დროს.

სტუდენტები დღეს ბსუ-ს შენობაში აპირებენ დარჩენას.

______________________

ფოტოზე: ბსუ-ს სტუდენტები უნივერსიტეტის შენობაში. ფოტო: ლინდა ცინცაძე/facebook

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version