„ოცნების“ შემწირველების კომპანია, შპს „ავენიუ ბაი ორბი“ მწვანე კონცხზე, ზღვასთან ახლოს მშენებლობის ნებართვას ითხოვს. კომპანია ქანობიან ტერიტორიაზე, რომელიც ზღვას გადაჰყურებს 4 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ბათუმის მერიაში წარდგენილი კონცეფციის მიხედვით კორპუსები 2 კომპლექსში იქნება გაერთიანებული და 41-42 სართულიანები იქნება. გარდა ამისა იგივე ნაკვეთზე კომპანიას 10 კოტეჯის მშენებლობა სურს.
„ორბი“ ჯგუფის დამფუძნებელი ზაზა ზოიძე და დირექტორი ირაკლი კვერღელიძე „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. ირაკლი კვერღელიძემ მხარი დაუჭირა ასევე რუსულ კანონს, რომლის წინააღმდეგ ახალგაზრდებმა საპროტესტო აქციები გამართეს, ასზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ კი ის საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
3 ჰექტარზე მეტი ფართობის მქონე მიწის ნაკვეთი კომპანიამ აქ სწორედ მშენებლობის პირობით შეისყიდა. ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე ნასყიდობის ხელშეკრულება 2017 წლის 13 იანვარსაა გაფორმებული აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და შპს „ჯეო დეველოპმენტს“ შორის. ეს კომპანია, შპს „ჯეო დეველოპმენტი“ აუქციონის დაწყებამდე 4 თვით ადრე, 2016 წლის 13 ივლისს უკრაინის მოქალაქემ ნატალია ტოვკაჩმა დაარეგისტრირა . ქონების საწყისი ფასი მილიონი ლარი იყო, ელქტრონული ვაჭრობის პირობებში მისი ფასი მხოლოდ 125 000 ლარით გაიზარდა.
შეთანხმების მთავარი პირობა ყოფილი „კოლხიდას“ ტერიტორიაზე სასტუმრო კოტეჯების მშენებლობა იყო. კომპანიას ვალდებულების შესრულება 2017 წელს უნდა დაეწყო.
2 თვის შემდეგ, საჯარო რეესტრის 2016 წლის 7 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, „ჯეო დეველოპმენტის“ 100% ირაკლი სირაძემ დაირეგისტრირა, ის გახდა კომპანიის დირექტორიც. რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, მან კომპანიის მთლიანი წილი ნატალია ტოვკაჩიდან 100 ლარად იყიდა. შემდეგ კი მან კომპანიის წილის 100% უკვე „ორბი ჯგუფი ბათუმზე“ გაასხვისა. 2019 წელს ამ ნაკვეთზე ხეები მოთხარეს და ბიძინა ივანიშვილის პარკში წაიღეს.
პროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით საპროექტო კონცეფცია ითვალისწინებს 2 კოშკურა ტიპის მოცულობას ნაკვეთის უმაღლეს ნაწილში, სადაც ტერიტორია ხე-ნარგავებისგან თავისუფალია. პროექტით აგრეთვე გათვალისწინებულია 10 კოტეჯის მშენებლობა, რომლებიც ფერდობზე იქნება შეფენილი.დოკუმენტების მიხედვით, რომელიც კომპანიამ მერიას წარუდგინა პროექტი ითვალისწინებს საავტომობილო გზის მშენებლობას.
მერია კომპანიას წერს, რომ მწვანე კონცხზე მაქსიმუმ 18 სართულიანი კორპუსის მშენებლობაა დასაშვები, მაგრამ რადგან კომპანია 41-42 სართულიანი კორპუსების მშენებლობას გეგმავს საჭიროა განაშენიანების დეტალური გეგმის დამუშავება.