ყოველდღიურად ბევრნაირი არჩევანის წინაშე ვდგებით: რა ჩავიცვათ, რა ვჭამოთ, რა გზით გადავადგილდეთ, როგორ მოვექცეთ ირგვლივმყოფებს, რა მუსიკას მოვუსმინოთ, რა მოვიწონოთ სოციალურ ქსელებში… მალე კი ის დღეც დადგება, როცა მოგვიწევს ავირჩიოთ, მომდევნო 4 წელი როგორ ქვეყანაში გვინდა ცხოვრება.
2024 წელი საქართველოში საპარლამენტო არჩევნების წელია. 26 ოქტომბერს მხარი უნდა დავუჭიროთ იმ პარტიას რომელიც ყველაზე ახლოსაა ჩვენს მსოფლმხედველობასთან.
და რომელია ასეთი პარტია? თუ ჯერ კიდევ არ იცი, შეგიძლია, გაარკვიო, რომელი პარტიები/კოალიციები იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, შემდეგ მათი ვებგვერდები მოინახულო, გაეცნო პარტიების საარჩევნო დაპირებებს, ეკონომიკურ ხედვებს, მათ კომენტარებს მედიასთან და ასე მიიღო გადაწყვეტილება.
ამდენი დრო არ გაქვს? თან მაშინ, როცა აქამდეც დიდად ვერავინ მოგაწონა თავი პოლიტიკურ ველზე, მაშინ შენთვის კარგი ამბავი გვაქვს. არსებობს მარტივი გზაც- საარჩევნო კომპასი, რომელიც მოგცემს საშუალებას გამოტოვო ყველა ზემოთ ნახსენები ეტაპი და რამდენიმე წუთში გაიგო, პოლიტიკოსების რომელი გუნდი დგას შენთან ყველაზე ახლოს.
საარჩევნო კომპასი არის ინსტრუმენტი, რომელიც ნათელს ხდის პიროვნების პოლიტიკურ მსოფლხედვას. ეხმარება მას პოლიტიკური პოზიციის გაგებაში და და იმ პარტიის/კოალიციის აღმოჩენაში, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოსაა.
როგორ უნდა გამოვიყენოთ საარჩევნო კომპასი?
ამისთვის უნდა ეწვიო ვებგვერდს მისამართზე: www.geocompass.ge/ka/
- პირველ რიგში, სურვილისამებრ, უნდა შეავსო მარტივი კითხვარი, სადაც მიუთითებ ასაკს, სქესს, განათლების დონეს, ეთნიკურ კუთვნილებასა და საცხოვრებელ არეალს. ეს პასუხები მკვლევრებს ქართველი ამომრჩევლების ზოგადი სურათის შესადგენად გამოადგებათ.
- შემდეგ თქვენ გადახვალთ უშუალოდ შეკითხვების ნაწილზე. აქ 32 დებულება შეგხვდება, რომელთაგანაც ყველას უნდა მიანიჭო შესაბამისი პასუხი. მაგალითი ქვემოთ ფოტოზეა მოცემული.
მაგალითად, ეთანხმები ამ წინადადებას? – “სახელმწიფომ უნდა დაარეგულიროს მედიკამენტების ფასები“, მონიშნავ შესაბამის პასუხს. თუ პასუხი არ გაქვს, არა უშავს, შეგიძლია მონიშნო ველი „არ მაქვს პასუხი“.
შემდეგ ეტაპზე შეგიძლია პარტიებს მისცე ვირტუალურად ხმა და უკვე ბოლოს შეადარებ, რამდენად ემთხვევა შენი ამჟამინდელი სიმპათია რეალურ შედეგებს.

პასუხი ამ კითხვაზე არ აისახება საბოლოო შედეგზე
საბოლოო შედეგი, რომელსაც კომპასი ავტომატურად დააგენერირებს, დაახლოებით ასე შეიძლება გამოიყურებოდეს:
წითელი ნიშნული გიჩვენებს, სად ხარ შენ და სად არიან პოლიტიკური პარტიები განაწილებული კულტურულ–ეკონომიკურ ველზე. მარტივად რომ ვთქვათ, ფიზიკურად შენთან ახლოს მყოფი პარტია იდეოლოგიურადაც ახლოს იქნება შენთან. ასე რომ, შეგიძლია დაფიქრდე, ხომ არ გინდა მისთვის ხმის მიცემა არჩევნებზე?
ტესტის ბოლოს შეგიძლია ისიც ნახო, კონკრეტულ პარტიას რა შეხედულება აქვს ამა თუ იმ თემაზე, ასევე შეგიძლია იმ წყაროს ნახვა, საიდანაც ეს ინფორმაციებია შეგროვებული.

ამისთვის ეწვიე შემდეგ განყოფილებებს
კომპასს კლასიკურად ორი განზომილება აქვს: კულტურული და ეკონომიკური. მეორე მხრივ კი – ლიბერალურ/კონსერვატორული და მემარჯვენე/მემარცხენე სიბრტყეები.
ლიბერალები, როგორც წესი, მხარს უჭერენ: ინდივიდუალურ თავისუფლებებს, სოციალურ პროგრესს, ცვლილებებს.
კონსერვატორები კი, როგორც წესი, მხარს უჭერენ: ტრადიციულ ფასეულობებს, სოციალურ წესრიგს, ცვლილებებისადმი კი სიფრთხილით გამოირჩევიან.
ამასთან ეკონომიკურად მემარცხენეები ცვლილებებისთვის, სოციალურ/ეკონომიკური თანასწორობისთვის იბრძვიან, ფიქრობენ, რომ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს გარკვეული როლი ეკონომიკის რეგულირებაში. ეკონომიკურად მემარჯვენეები კი – უმეტესად პირადი საკუთრების უფლების, ბაზრის თავისუფლებისა და ინდივიდუალისტური იდეებისთვის იბრძვიან.
გახსოვდეს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მნიშვნელოვანია, შენი ხმა კი – გადამწყვეტი.