სურსათის ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ შავიზღვისპირა კურორტებზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტო, როტაციის პრინციპით, გურიასა და აჭარაში – ურეკში, შეკვეთილში, ბათუმში, ქობულეთში, გონიოში, კვარიათში, სარფსა და მაღალმთიან აჭარაში კაფე-ბარებს, რესტორნებს, სასტუმროების კვების ბლოკებს, საცხობებსა და სწრაფი კვების ობიექტებს ამოწმებს.

სააგენტოს ცნობით, უკვე შეამოწმეს 150-მდე ბიზნესოპერატორი და ინსპექტირების შედეგად კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა 10 ობიექტში, რის გამოც გატარდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები – ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე.

შემოწმების დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სურსათის ვადებს, ეტიკეტირებას, შენახვისა და რეალიზაციის პირობებს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, მიკვლევადობას.

სააგენტო აცხადებს, რომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა მკვეთრად არის გაუმჯობესებული, რასაც მოწმობს მომხმარებელთა გამოკითხვა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ყოველწლიური სახელმწიფო კონტროლის შედეგები.

_______________

ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version