სიახლეები

რისი ეშინიათ დირექტორებსა და მოსწავლეებს?

30.05.2012 • • 1562
რისი ეშინიათ დირექტორებსა და მოსწავლეებს?

ავტორი:ლელა დუმბაძე
სკოლები, რომლებმაც გასულ წელს ეროვნულ გამოცდებზე ცუდი შედეგები აჩვენეს, თავის დაზღვევის მიზნით, შიდა გამოცდებს ატარებენ. მოსწავლეებს, რომლებიც განათლების სამინისტროს მიერ დაწესებულ ბარიერს – 5 ქულას ვერ გადალახავენ, საატესტატო გამოცდებზე არ დაუშვებენ, რადგან სკოლის დირექტორთა განცხადებით, წარუმატებელმა აბიტურიენტებმა შესაძლოა მათი თანამდებობა შეიწიროს.

ექვთიმე (სახელი პირობითია) მე-20 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის აქამდე ემზადება როგორც ეროვნული, ისე საატესტატო გამოცდებისთვის. ახლახან კი ექვთიმემ გაიგო, რომ კიდევ ერთი – შიდა სასკოლო გამოცდის ჩაბარება მოუწევს და ეს კარსმომდგარი გამოცდების პირობებში (იგულისხმება ეროვნული გამოცდები – ავტ.) დროის ფლანგვად მიაჩნია.

ექვთიმეს მსგავსად შიდა გამოცდების გამო ნერვიულობენ, მაგალითად, მე-10 სკოლელებიც. მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების აზრით კი, შედეგის მიუხედავად, შიდა გამოცდები მათთვის მისაღებია. „ინგლისურში სამი ქულა მივიღე, ანუ ბარიერი ვერ გადავლახე, მაგრამ იმედი მაქვს, გამოვასწორებ“, – ამბობს ერთ-ერთი მე-12- კლასელი. დაბალი ქულები მიიღო ამ სკოლაში კიდევ ერთმა გოგონამ: „მე ორ საგანში მივიღე დაბალი – ოთხი და ხუთი ქულა. იმედი მაქვს, დამატებითი მეცადინეობის შემდეგ უკეთეს შედეგს მივიღებ“.
მე-10 საჯარო სკოლაში შიდა გამოცდები ტესტური ფორმით ტარდება.

გამოცდები მე-მე-9 და მე-12 კლასელებს უტარდებათ. თუკი მოსწავლე დამატებითი გაკვეთილების შემდეგაც ცუდ შედეგს აჩვენებს, მას სკოლის დატოვება და ტექნიკურ განათლებაზე ფიქრი მოუწევს. „დატოვებს თუ არა სკოლას, ეს მოსწავლის გადასაწყვეტია, რადგან ატესტატს ვერ აიღებს, მაგრამ სერტიფიკატი ექნება“, – ამბობს სკოლის დირექტორი, დათო ეცადეიშვილი.
გასულ წელს საატესტატო გამოცდებზე ამ სკოლიდან 15 მოსწავლე ჩაიჭრა, ამიტომ როგორც დირექტორი ამბობს, შიდა გამოცდები, მათ გადაწყვეტილების დროულად მიღებაში დაეხმარება: „ვინც ატყობს, რომ ვერ ჩააბარებს, ისინი მიდიან. ათი მოსწავლე უკვე წავიდა, შედეგების გარკვევის შემდეგ შესაძლოა მეტი წავიდეს სკოლიდან“, – ამბობს დირექტორი.

როგორც მე-3 საჯარო სკოლის დირექტორი, იანა ჩადუნელი ამბობს, მოსწავლის ცუდი შედეგების გამო ზეწოლას დირექტორი განიცდის. „შარშან იყო საუბარი ჩემ მოხსნაზეც, რატომღაც მე დამადანაშაულეს იმაში, რომ ბავშვებმა ვერ ჩააბარეს“, – ამბობს იგი. იანა ჩადუნელის აზრით, მიზეზებზე, თუ რატომ ვერ სწავლობენ ბავშვები, განათლების სისტემაში არავინ ინტერესდება: „შარშან 40 ბავშვიდან 7 ჩაიჭრა. მიზეზი ის იყო, რომ ბავშვებს არ ჰქონდათ წიგნი. ჩვენთან ბევრი სოციალურად დაუცველი ბავშვია, ძალიან ბევრს არეული სიტუაცია აქვს ოჯახში. მშობლებს არ სცალიათ შვილებისთვის, ზოგი უცხოეთშია წასული. ვნახე ოჯახები, სადაც სწავლაზე საუბარიც კი ზედმეტია. არიან ბავშვები, რომლებსაც მშობლები საერთოდ არ ჰყავთ და მუშაობენ. ეს მიზეზი არავის აინტერესებს. რა დირექტორის ბრალია, თუკი ბავშვს წიგნი არ აქვს, დედ-მამა სახლში არ ჰყავს და წვიმაში სკოლაში ვერ მოდის, რადგან ფეხსაცმელი არ აქვს“.

ეს სკოლა ოთხმა მოსწავლემ უკვე მიატოვა. „უკვე მაქვს გამოცდების შედეგები, 40 მოსწავლიდან 17 სუსტია. ეს დიდი ციფრია. აქედან 11-ს კიდევ არაუშავს და შეიძლება მათთან მუშაობა, მდგომარეობის გამოსასწორებლად დამატებით გაკვეთილებს დავნიშნავთ, რომელიც 23 დეკემბრიდან დაიწყება და არდადეგების პერიოდშიც ისწავლიან, მაგრამ ექვსი იმდენად სუსტია, 2-3 ქულა აქვთ მიღებული, მე მათ ვერ დავუშვებ საატესტატო გამოცდებზე. მართლა ყველაფერს ვაკეთებ მათთვის და მარტო იმის გამო, რომ ვერ სწავლობენ, სამსახურს ვერ დავტოვებ“, – ამბობს დირექტორი.

შიდა გამოცდებზე დაწესებულია საკონტროლო წერა ქიმიაში, ისტორიასა და გეოგრაფიაში. გადაყვანის წესები გამკაცრებულია მეცხრაკლასელებისთვისაც. „ჩვენ გავაკეთეთ კომპიუტერული გამოცდა, იმის მსგავსია, რაც სამინისტრომ ჩაატარა 2011 წელს. მაქსიმალური ბარიერი ექვსი ქულაა“.

შიდა გამოცდებს მე-20 საჯარო სკოლაც ატარებს. „საატესტატო გამოცდებზე ჩვენ შედეგს გვთხოვენ, ამიტომ შიდა გამოცდები გვეხმარება აკადემიური დონის განსაზღვრაში. პირველი ტესტების დროს გამოვლინდა დაბალი მაჩვენებელი, დავიბარეთ საგნის მასწავლებლები და მოვთხოვეთ დამატებითი მეცადინეობის ჩატარება“, – ამბობს დირექტორი, თეა დავითაძე. იგი ამბობს, რომ სკოლა რამდენიმე მოსწავლემ უკვე დატოვა. „არიან ისეთებიც, რომლებიც საერთოდ არ დადიან სკოლაში, ამიტომ მშობლის განცხადებას ველოდებით, რომ ამოვრიცხოთ“.

მე-18 საჯარო სკოლის დირექტორისთვის, რამაზ ადაძისთვის შარშანდელი გამოცდების შედეგები უცნობია, „რამდენიმე თვეა, რაც დავინიშნე დირექტორად“. ამიტომ შიდა გამოცდებს ისიც შიდა ანალიზისთვის ატარებს. „ნიშნებზე ეს გამოცდები არ აისახება, უბრალოდ, გვაინტერესებს, ბარიერს გადალახავენ თუ ვერა. დაბალ დონეს არ ველოდებით“, – ამბობს დირექტორი. ცოდნის ხარისხის ამაღლებას ამ სკოლის დირექტორიც აბიტურის საათებით აპირებს. „ტესტები ვინმეს შესაშინებლად არ ტარდება, უბრალოდ, ჩვენც გავიგებთ და მოსწავლეებიც რა შეგვიძლია“.

მე-3 საჯარო სკოლის მოსწავლეების აზრით, შიდა გამოცდები კარგია.
შიდა გამოცდები ბათუმის ყველა სკოლაში არ ტარდება. მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ეს სკოლებისთვის დამატებით და საკმაოდ შრომატევადი საქმეა, მაგრამ მის სკოლაში ამის საჭიროება არ არსებობს.

გადაბეჭდვის წესი