მთავარი,სიახლეები

ბუნდესტაგის დეპუტატის ქართველი მრჩეველი: არ დავუშვათ გავხდეთ ავტორიტარული ქვეყნების კლუბის წევრი

23.07.2024 •
ბუნდესტაგის დეპუტატის ქართველი მრჩეველი: არ დავუშვათ გავხდეთ ავტორიტარული ქვეყნების კლუბის წევრი

მიხეილ სარჯველაძე უკვე წლებია გერმანიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად. ის გერმანიის პარლამენტის ერთ-ერთი დეპუტატის მრჩევლია საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. მიხეილის თქმით, მისთვის მტკივნეულია, რაც დღეს ხდება საქართველოში, როცა „ოცნების“ მმართველობის პირობებში მისი სამშობლო შორდება დასავლურ ალიანსებს და ცდილობს გახდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი“.

„არამხოლოდ უკრაინის ან მოლდოვას, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანისგან განსხვავებითაც კი, გამქრალია საქართველო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ამას მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილად მივიჩნევ“, – დასძენს ექსპერტი „ბათუმელებთან“ და იქვე ამატებს, რომ ინტერვიუ გამოხატავს მხოლოდ პირად მოსაზრებებს.

  • მიხეილ, მოკლედ რომ მოგვივეთ, ვინ ხარ და რას აკეთებ ბერლინში?

პროფესიით ვარ გერმანისტი, ისტორიკოსი და პოლიტოლოგი. დავიბადე და სკოლა დავასრულე ლანჩხუთის მუნციპალიტეტის სოფელ ლესაში. სხვადასხვა დროს ვსწავლობდი თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, გისენის, იენის და კიოლნის უნივერსიტეტებში. კიოლნის უნივერსიტეტში დისერტაციის დასრულების შემდეგ სხვადასხვა დროს ვმუშაობდი რეფერენტის პოზიციაზე ბერლინში საქართველოს საელჩოში და ვიყავი მიწვეული მკვლევარი უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკის გერმანულ ინსტიტუტში (SWP). ამჟამად ვმუშაობ გერმანიის პარლამენტში,  ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის (CDU) ერთ-ერთი წევრის მრჩევლის პოზიციაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

  • თქვენ პირადად, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა მოგიტანათ ევროპულმა გზამ?

თავის დროზე ჩემი არჩევანი – მესწავლა გერმანიაში განპირობებული იყო იმ ფაქტით, რომ ჩემი პოტენციალის გამოყენების შანსები გერმანიაში ბევრად მაღალი იყო. ეს არ ყოფილა მარტივი გზა, რადგან გერმანიაში მეორედ, როგორც სხვა ბევრი ქართველი ახალგაზრდა au-pair-ის პროგრამით ჩამოვედი, რაც გერმანულ ოჯახში ცხოვრებას და მუშაობას გულისხმობდა.

ეს გამოცდილება დამეხმარა ვყოფილიყავი მიზანდასახული, ბრძოლისუნარიანი და შედეგზე ორიენტირებული. შეიცვალა ჩემი, როგორც მოქალაქის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან, პოლიტიკასა თუ საზოგადოებასთან მიმართებაში. გავხდი უფრო კრიტიკული, აქტიური და სოლიდარული მოქალაქე. უფრო მეტად დავაფასე სამართლებრივი თუ სოციალური სახელმწიფოს მნიშვნელობა.

  • ზოგადად რაში სჭირდება საქართველოს ევროკავშირი?

ევროკავშირი და ნატო საქართველოს ირგვლივ არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამჟამად ერთადერთი ალტერნატივაა ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისთვის. იმ სისტემური კონფლიქტის პირობებში, როცა ერთ მხარეს ლიბერალური დემოკრატია და მეორე მხარეს ტოტალიტარული ავტოკრატია დგას, მე პირველის სასარგებლოდ ვაკეთებ არჩევანს, რადგან არ მსურს ჩემმა ქვეყანამ თუ მე დავკარგოთ თავისუფლება.

რუსული პროპაგანდა და თავის მოტყუებაა, რომ საქართველოს მისი შეზღუდული რესურსების და გეოგრაფიული მდებარეობის პირობებში შეუძლია იყოს ნეიტრალური სახელმწიფო.

ევროკავშირი ჩემთვის ნიშნავს, პირველ რიგში, საერთო ღირებულებებზე დამყარებულ გაერთიანებას, საკუთარი იდენტობის შენარჩუნებისთვის უსაფრთხო სივრცეს, ცხოვრების ღირსეულ პირობებს ნებისმიერ ასაკში, ღირსეულ საშუალო და მინიმალურ ანაზღაურებას, სოციალურ უზრუნველყოფას, ხელმისაწვდომ და მაღალი ხარისხის ჯანდაცვას, თანაბარ წვდომას მაღალი ხარისხის განათლებაზე და ა.შ. რა თქმა უნდა, არც ევროკავშირია იდეალური სივრცე და მათ შორის გერმანიაშიც, მისი ეკონომიკური სიძლიერის მიუხედავად, ბევრი სოციალური პრობლემა არსებობს, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებითია.

  • აქედან როგორც აღიქვამთ საქართველოში მიმდინარე პროცესებს?

ძალიან მტკივნეულად აღვიქვამ, რადგან ვხედავ, რომ ქვეყანა „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შორდება დასავლურ ალიანსებს და ცდილობს გახდეს ავტორიტარული სახელმწიფოების კლუბის წევრი.

უკრაინის წინააღმდეგ ომმა საქართველოსთვის შექმნა უნიკალური შესაძლებლობების ფანჯარა, რომელსაც მმართველი გუნდი არათუ იყენებს, პირიქით მიზანმიმართულად ახდენს ქვეყნის ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციის საბოტაჟს.

დაუშვებელია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესები, რომლებიც კონსტიტუციაშია გაწერილი, ერთი ადამიანის ან ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მძევალი იყოს. ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს საზოგადოების ნების აღსრულებაზე და არა ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებზე.

შესაბამისად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყანა სვლას. სამწუხაროდ, არც ქართული ოპოზიცია იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. არჩევნებამდე მცირე დრო დარჩა და განსაკუთრებული ისტორიული მომენტის მიუხედავად, ოპოზიცია ჯერ კიდევ ვერ ახერხებს საზოგადოებისთვის კონცეფციის შეთავაზებას, თუ როგორ აპირებს „ქართული ოცნების“ დამარცხებას და გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მართვას.

ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში მივიღებთ ავტორიტარულ სახელმწიფოს, რომელსაც მიიტაცებს ადამიანთა ვიწრო ჯგუფი. შესაბამისად, ის არ და ვერ იქნება ორიენტირებული საზოგადოების კეთილდღეობაზე.

  • როგორ ხედავს ბერლინი საქართველოში მიმდინარე პროცესებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გერმანიის ელჩმა ასეთი მკაცრი სიტყვებით მოგვამრთა. როგორ იცვლება გერმანია-საქართველოს ურთიერთობები და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას?

გერმანია კეთილგანწყობილი ქვეყანაა საქართველოსთან მიმართებაში, თუმცა ბერლინი 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველოსთვის გაწევრიანებისთვის საჭირო სამოქმედო გეგმის მინიჭების წინააღმდეგი იყო. ბერლინი არც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას მიიჩნევდა ევროკავშირში გაწევრიანების წინა ეტაპად, თუმცა უკრაინაში მიმდინარე ომმა რადიკალურად შეცვალა გერმანიის პოზიცია.

„აგენტების კანონის“ მიღებამდე აქტიურად უჭერდა მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, რაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტის დროს, 2023 წლის მარტში დაადასტურა. „ქართული ოცნების“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებამ და ქვეყნის დასავლური კურსის საბოტაჟმა, ბერლინში სრული გაუგებრობა გამოიწვია, რაც პოზიციის ცვლილებაში გადაიზრდა.

გერმანიის ელჩის მკაცრი განცხადებაც სწორედ შეცვლილი პოზიციის გამოძახილი იყო. საქართველო „ოცნების“ მმართველობის გამო კარგავს ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი სახელმწიფოს – გერმანიის მხარდაჭერას. ეს, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მიზანია. ამ არგუმენტს ამყარებს საქართველოს უაღრესად პასიური საგარეო პოლიტიკა გერმანიასთან მიმართებაში.

არამხოლოდ უკრაინის ან მოლდოვას, არამედ სომხეთის და აზერბაიჯანისგან განსხვავებითაც კი, გამქრალია საქართველო პოლიტიკური დღის წესრიგიდან. ამას მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილად მივიჩნევ.

  • რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ აღდგეს ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანასთან – გერმანიასთან მეგობრული ურთიერთობები.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელ ამოცანად მიმაჩნია, ქართულ-გერმანული ურთიერთობების გაძლიერება პოლიტიკურ ნაწილში. დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას ბერლინში, რომელიც საქართველოს მოქალაქეების პროტესტის პირობებში მოეწყო, ფაქტობრივად ბოიკოტი გამოუცხადეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა. ზოგადად კი, შემოდგომაზე არჩევნების შემდეგ, აუცილებელი იქნება იმ ზიანის აღდგენა, რაც საქართველოს მმართველმა გუნდმა მიაყენა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს.

ვფიქრობ, საჭიროა გერმანიასთან ორმხრივი სტრატეგიული დიალოგის დაწყება, რომელიც ფოკუსირებული იქნება თანამშრომლობაზე საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

საჭიროა ჩამოყალიბდეს ქმედუნარიანი პლატფორმა გერმანიის პარლამენტში, რომელიც აქტიური გერმანელი პარლამენტარების ჩართულობით ინტენსიურ რეჟიმში გამართავს ბუნდესტაგში საქართველოსთვის საჭირბოროტო საკითხებზე შეხვედრებს.

ასევე აუცილებელია პლატფორმის ჩამოყალიბება, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს მოახდინოს გერმანული ანალიტიკური ინსტიტუტების ინფორმირება რუსული ოკუპაციაზე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ეკონომიკურ პოტენციალსა თუ სხვა გამოწვევებზე.

  • აპირებთ ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და საერთოდ როგორი მოლოდინები გაქვთ ამ არჩევნებზე?

რა თქმა უნდა, ვაპირებ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რადგან ჩემთვის აუცილებელია გამოვიყენო ხმის მიცემის უფლება. ამ გადამწყვეტ მომენტში, მოვუწოდებ გერმანიაში და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებს, დადგნენ საკონსული აღრიცხვაზე და აუცილებლად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია.

„ქართული ოცნება“ ყველა გზას მიმართავს ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით და ამ უთანასწორო კონკურენციის პირობებში ოპოზიციური პარტიების სამოქმედო არეალი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად კიდევ უფრო შეიზღუდება. შესაბამისად, ორმაგად მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა სპექტრმა ამომრჩეველს შემოგვთავაზოს არა ეგოისტური და ცალკეულ ლიდერებზე მორგებული გეგმები, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით შედგენილი მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები, არჩევნებში გამარჯვებასთან და გამარჯვების შემდგომ პერიოდთან დაკავშირებით.

თუ ოპოზიცია ვერ შეძლებს გახდეს უფრო დამაჯერებელი და პრაგმატული, „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ გაუადვილდება გამარჯვება და ქვეყანაში ავტორიტარული ტიპის მმართველობის გამყარება.

  • რას ეტყოდით სტუდენტებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების ფონზე?

ევროპაში უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის ჩამოყალიბების პროცესი და საზღვრები დამოკიდებული იქნება შედეგზე, თუ როგორ დასრულდება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ჩვენ არამხოლოდ აღმოვჩნდებით ისტორიის არასწორ მხარეს, არამედ მივიღებთ ქვეყანას, რომელშიც შეიზღუდება ჩვენი თავისუფლება, რადგან სახელმწიფოს მიტაცების ხარისხი ადამიანთა ვიწრო ჯგუფის მიერ კიდევ უფრო გაიზრდება.

ამ ეტაპზე გადამწყვეტია, რომ ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, კანონის ფარგლებში, არ დავუშვათ საქართველოს გადაიქცევა ავტორიტარულ სახელმწიფოდ.

  • და ბოლოს, რითია აქაური გარემო საქართველოს გარემოსგან განსხვავებული, სტუდენტების ან თუნდაც იმ ადამიანებისთვის ვინც აქ მუშაობენ?

განსხვავება პირველად 2006 წელს ვიგრძენი, როცა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სტიპენდიით ვეწვიე დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტს. უპირველეს ყოვლისა, თვალში მომხვდა სტუდენტებზე მორგებული ინფრასტრუქტურა და დამოკიდებულება პროფესორებს და სტუდენტებს შორის.

ოდნავ მოგვიანებით, როცა კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიის ფარგლებში საქართველოსთან მიმართებაში გერმანიის საგარეო პოლიტიკაზე ვწერდი დისერტაციას, გავაცნობიერე, რომ გერმანიაში ყოფნის მიუხედავად, აუცილებელია უფრო აქტიურად დავეხმარო საქართველოს. 2015 წელს გავხდი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიაში და აქტიურ ქართველ სტუდენტებთან ერთად ბევრი კარგი პროექტი განვახორციელე სხვადასხვა გერმანულ უნივერსიტეტში საქართველოს პოპულარობის გაზრდის მიზნით.

ზოგადად კი, გერმანულ უნივერსიტეტებში სწავლის პროცესმა დამანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პიროვნული განვითარებისთვის დისკუსიის კულტურა, საკუთარი პოზიციის გამოხატვა და ზოგადად კრიტიკული აზროვნება.

ჩემ თაობას, რომელიც ტოტალიტარულ იმპერიაში დაიბადა და დამოუკიდებელ, მაგრამ რთულ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში გაიზარდა, ალბათ მაინც მოგვწვდა ტოტალიტარიზმის კლანჭები.

გერმანია სოციალური სახელმწიფოა და ძირითადად მაინც ადამიანზეა მორგებული, მაშინ როცა საქართველოში მხოლოდ ადამიანთა ვიწრო ჯგუფს აქვს წვდომა არსებულ რესურსებზე, მაღალი ხარისხის განათლებაზე თუ სხვა სიკეთეებზე.

შესაბამისად, გერმანიისგან განსხვავებით ქართველ ახალგაზრდებს, როგორც წესი, არათანაბარი შანსების პირობებში უწევთ ბრძოლა საკუთარი მომავლისთვის.

სამუშაო გარემოს რაც შეეხება, დაცულია დასაქმებულების უფლებები. მაგალითად, სამსახურში მიღებული დაზიანების შემთხვევაში, დაუშვებელია დასაქმებულის დაჩაგვრა დამქირავებლის  მიერ, ან ჩვეულებრივი მოვლენაა მამების მიერ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით სარგებლობა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: