ამ წუთებში, მარტვილში, მერიის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია “ბალდის კანიონის გადასარჩენად”.
მოსახლეობა ბალდის კანიონის კერძო ინვესტორისთვის გადაცემას გასული წლის შემოდგომიდან აპროტესტებს. სოფელში კარავია გაშლილი, სადაც ადგილობრივები ღამეს ათევენ.
დღეს საპროტესტო აქციას მარტვილის ცენტრში, სხვა ქალაქებიდანაც უერთდებიან.

ფოტო: ია ფრანგიშვილი/ბათუმელები
„დაცული ტერიტორიების სააგენტომ“ 2022 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლია, კერძო კომპანიას – 40 წლიანი იჯარით გადასცა.


“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ინფორმაციით, აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ – „კანიონი 350“, იკისრა ვალდებულება, კანიონის ტერიტორიაზე მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს): ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო და კიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას.”

ადგილობრივები ამბობენ, კანიონის კერძო პირისთვის გადაცემასთან დაკავშირებით სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც კომპანიამ სამუშაოები დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა.
საპროტესტო მოძრაობა “ბალდის კანიონის გადასარჩენად” წევრი, ცოტნე თვარაძე: “თავიდანვე ეს პროტესტი ემსახურებოდა საჯარო სიკეთის გადარჩენას, რომელიც ყველასია და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რომ ვიღაცა ერთმა კონკრეტულმა ჩინოვნიკმა ჩაიდოს ჯიბეში…
მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს უკანონოდ გაცემული იჯარა და გაათავისუფლონ უკანონოდ და გაათავისუფლონ უდანაშაულოდ დაჭერილი დიკო ბჟალავა”.

