„დაიტოვე“ – ანუ სახლში დაიტოვე ის, ვისაც რეგიონიდან თბილისში ანტირუსულ აქციაზე უნდა ჩამოსვლა და ღამის გასათევი არ აქვს. ამ მიზნით შეიქმნა ჯგუფი „დაიტოვე“ ფეისბუქში, რომელიც მოქალაქეებს ეხმარება ადგილის პოვნაში, რამდენიმე საათით დასაძინებლად – აქციის შემდეგ ძალების აღდგენა რომ შეძლონ. შექმნიდან მალევე ამ ჯგუფმა, ახალ-ახალი ფუნქციები დაემატა და ერთმანეთზე ზრუნვის ადგილად იქცა.

„დაიტოვეში“ ეძებენ და მალევე პოულობენ ადამიანს, რომელიც პირველ დახმარებას გაგიწევს, თუ აქციაზე თვალებში წიწაკის სპრეი შეგასხეს, დაშავდი, წყლის ჭავლმა დაგასველა და მშრალი ტანსაცმელი გჭირდება. იპოვი ადამიანებს, ვინც თავად ვერ მიდის აქციაზე და შენს ბავშვს დაიტოვებს, მასზე იზრუნებს. აქ ეძებენ და მალევე პოულობენ ფიზიოლოგიურ ხსნარს, რძეს, საჭმელს, გზის ფულს, ღამის გასათევს, მანქანას, რომელიც მიგიყვანს დანიშნულების ადგილზე, დაგიმუხტავენ ტელეფონს, დაგალევინებენ წამალს თუ თავი აგტკივდა და ასე შემდეგ.

ახლა „დაიტოვეში“ 153 000 ადამიანია გაწევრიანებული – აქციის მონაწილე თუ გულშემატკივარი. ჯგუფში ყოველდღიურად რამდენიმე ათეული პოსტი ქვეყნდება, რომელთა შინაარსიც დახმარების შეთავაზებას, მისი მიღების სურვილს ან აქციის სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვას ემსახურება. ამ ჯგუფის დახმარებით აქციის მონაწილეებმა ყოფითი ნივთების შესაძენად, ტრანსპორტირებისა და სხვადასხვა საჭიროებისთვის თანხის შეგროვებაც შეძლეს და ახლა ამ ნივთებს აქციაზე უფასოდ არიგებენ. ვისაც დახმარება სჭირდება – ეხმარებიან.

ფოტო: ჯგუფი „დაიტოვე“

„დაიტოვეში“ დატოვებულ ჩანაწერებს რომ მივყვეთ, ერთი დიდი ისტორია გამოვა, რომელიც ბევრი გაბრაზებული ადამიანის ამბავს გვიყვება. ეს ადამიანები რუსული კანონის წინააღმდეგ იბრძვიან და ამბობენ, რომ „მათია ევროპა“, რომ „ევროპაში მიდიან და არა რუსეთში“. ისინი მმართველი პარტიისგან მოითხოვენ გაიწვიოს ეს კანონი, რადგან რუსეთი მათი, ანუ ამომრჩევლის ნება არ არის. ამ ისტორიებს ჯგუფში ყოველ წუთს ახალი ემატება.

ფოტო: ჯგუფი „დაიტოვე“

„დაიტოვეში“ აქტიურად წერენ აქციის მონაწილეების, ჯგუფში შეკრებილი ადამიანების ერთიანობით, ზრუნვით მხარდაჭერით აღფრთოვანებული მოქალაქეები. აქებენ და აგულიანებენ მათ, სთავაზობენ მხარდაჭერას ისე, როგორც შეუძლიათ. ხშირად შეხვდებით ემიგრანტების შეთავაზებებსაც, ისინი არამხოლოდ თანხას ურიცხავენ აქციის მონაწილეებს, სთავაზობენ საჭირო ნივთებს და მათ სახლებს ღამის გასათევად.

ამ ჯგუფში ვიგებთ ასევე, რომ არ ივიწყებენ იმათაც, ვინც კრიტიკულად საჭირო დროს დაეხმარა.

 

  • ჯგუფის ისტორიებიდან:

ახალგაზრდა კაცმა რუსთაველზე, შეკრების ადგილთან „სახლი-მანქანა“ გააჩერა.  ვიდეოზე მისი გამოყენების ინსტრუქცია ჩაწერა და „დაიტოვეში“ გამოაქვეყნა. ამ ვიდეოში ის ჰყვება, როგორ შეიძლება ამ მანქანის გამოყენებით ტელეფონის დამუხტვა, ჩაის და ყავის მომზადება და ცოტა ხნით დასასვენებლად წამოწოლა. ის აქციის მონაწილეებს მიმართავს მაქსიმალურად გამოიყენონ მანქანა. „სადაც ამ მანქანას ნახავთ, მაქსიმალურად welcome“, – ამბობს ის ვიდეოში.

ნიკა ვასაძე წერს, რომ თბილისში ღამის გასათევს დაუფინანსებს 100 ადამიანს, მას სხვები კომენტარებში უწერენ თავად რამდენის დაფინანსება შეუძლიათ. ჩანს, რომ დახმარების მსურველები ბევრნი არიან. მათ შორის არიან ცნობილი სახეებიც. მაგალითად, თეა გოდოლაძე საკუთარ სივრცეს სთავაზობს, ვისაც ღამის გასათევი არ აქვს, თან წუხს, რომ ყოველთვის დაასწრეს და მსურველი სხვამ წაიყვანა. იმავეს სხვებიც წერენ: „თქვენ ხომ ვერაფერს დაგასწრებთ კაცი.“

ნიკას კომენტარებში სხვებიც ეხმიანებიან და წერენ კიდევ ვის რამდენის დაფინანსება შეუძლია. ჯგუფში არიან დედებიც, რომლებიც შვილების ამ გადაწყვეტილებებს იწონებენ და აქებენ მათ.

 

 

„მიყვარხარ ადამიანო“ –  წერს მარიამი მასპინძელს, რომელმაც თბილისში, საკუთარ ბინაში მეგობართან ერთად შეიფარა, მისცა ახალი ტანსაცმელი და საუზმე მოუმზადა. თავად კი „ფისოს არეული დაულაგეს“ და ჭურჭელი გაურეცხეს.

 

თათა გაჩეჩილაძე წერს, რომ მაფინებს აცხობს აქციისთვის. მას ბევრი კომენტარი დაუწერეს. „იმდენს იზამთ, მდინარაძეც მოვა აქციაზე და მაფინით ხელში შეაკვდება იდეასო“, – წერენ კომენტარებში.

ჯგუფში ბევრ პოსტს ნახავთ, სადაც ადამიანები წერენ, რომ აქციის მონაწილეებს რეგიონებიდან შესთავაზებენ ღამის გასათევს, იქვე წერენ რა პირობები დახვდებათ სახლში: „სამი სასაცილო ბავშვი მყავს“, „ფისო მყავს, აგრესიული არ არის. ბევრი აღწერს, რამდენად კარგად შეუძლია ბავშვების მოვლა და უსაფრთხო გარემოს შეთავაზება მათთვის, ვიდრე მშობლები აქციაზე იქნებიან.
ტაქსის მძღოლები უფასოდ ემსახურებიან აქციის მონაწილეებს და ზოგჯერ თანხასაც ჩუქნიან
ჯგუფში გაიგებთ, ვინ რა ჩაიტანა აქციაზე რეგიონიდან, ვინ მოამზადა მათთვის საკვები, ვინ უფრო გემრიელ ლობიანს ამზადებს და ვის რა აქვს სახლში, რომ სტუმარს დაახვედროს.
ქალი ქუთაისიდან ჯგუფში წერს, რომ ფულს აგროვებდა შვილის დაბადების დღის გასართობ ცენტრში აღსანიშნად, მაგრამ გადაწყვიტა ეს თანხა აქციის მონაწილეებს ჩაურიცხოს. მას კი ერთ-ერთმა გასართობმა ცენტრმა მისწერა, რომ შესაბამის მომსახურებას აჩუქებს. სხვა მოქალაქემ აქციის მონაწილეებს ავტომანქანის შესაძენად შეგროვებული ფული ჩაურიცხა, მეორემ კი მიწერა, გერმანიაში ვარ და აქ თუ იყიდი მანქანას, უფასოდ ჩამოგიყვანო.
ჯგუფის შექმნის იდეა მარიამ ბაბუნაიშვილს ეკუთვნის. მასთან ერთად ორგანიზებაში არიან ჩართულები და სხვადასხვა საკითხს კოორდინაციას უწევენ ილო ღლონტი, თამარ კურატაშვილი და სხვები.
ჯგუფის ლოგო ნენსი ვოლანდს ეკუთვნის:
„ჩვენი ჯგუფის ლოგო შევქმენი. ევროკავშირი ჩვენი სახლია, ჩვენი სახურავი, ევროკავშირის ვარსკვლავები ჩვენი ფანჯრების იქეთ კაშკაშებენ, ჩვენი ფანჯარა საქართველოა, რომლიდანაც ამ ვარსკვლავებს ვუყურებთ და თან, ჩვენი ჯგუფიც თავდაპირველად შეიქმნა სახლის იდეით, ადამიანები სახლში იტოვებენ ხალხს, მათთვის ყველას საკრალურ ადგილას“, – წერს ნენსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
მთავარი ფოტო: ჯგუფის ლოგო.
Exit mobile version