სიახლეები

16 წლის ბიჭის ზღვაში დაღუპვის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა

01.04.2024
16 წლის ბიჭის ზღვაში დაღუპვის საქმეზე ორი პირი დამნაშავედ ცნეს – დანაშაულის შეუტყობინებლობა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმში, ზღვაში არასრულწლოვანების მკვლელობის მცდელობის საქმეზე, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ორი პირი ცნო დამნაშავედ.

პროკურატურის ცნობით, დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივლისს, ბათუმის სანაპიროზე, ბრალდებულების თანდასწრებით, ერთმა პირმა სასეირნო-გასართობ სწრაფმავალ კატარღაზე მიბმულ საბუქსირე-წყლის ატრაქციონ ე.წ. „ბანანზე“ აყვანილი 4 მოზარდი, „ბანანის“ მკვეთრი მოძრაობის შედეგად, შუა ზღვაში გადმოაგდო. ასევე, მან ერთ-ერთ არასრულწლოვანს სამაშველო ჟილეტი წაართვა, რომელიც დაზარალებულმა ზღვაში ჩავარდნის შემდგომ ჩაიცვა. აღნიშნულის შედეგად, ერთი მოზარდი ზღვაში დაიხრჩო.

ბრალდებულები განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის თვითმხილველები გახდნენ, თუმცა მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ და აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. 2023 წლის 28 დეკემბერს ერთ-ერთ არასრულწლოვან ბრალდებულს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. არასრულწლოვან პირს სასჯელის სახედ და ზომად 2 წლის და 3 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 3 წლის გამოსაცდელი ვადით, ხოლო მეორე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად – 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

რაც შეეხება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულს, მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა 27 მარტს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

___________________

ფოტო სასამართლო პროცესიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: