დღეს, 22 იანვარს, ბათუმის ზოგიერთ საჯარო სკოლაში მოსწავლეების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.

ფაქტი უკავშირდება გუშინ, 21 იანვარს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ტერორიზმის მუქარას.

საუბარი იყო ბათუმის მე-3, მე-7, მე-8, მე-10 და 28-ე საჯარო სკოლებსა და რამდენიმე საჯარო სივრცეზე.

„სასწავლო პროცესი განახლდა, თუმცა მოსწავლეთა სწრებადობა დაბალია“, – ამბობს „ბათუმელებთან“ აჭარის განათლების სამინისტრო.

„ბათუმელები“ ბათუმის რესურსცენტრსაც ესაუბრა ამ თემაზე. რესურსცენტრის ხელმძღვანელის თქმით, იმ სკოლებში, რომელიც მოხსენიებული იყო ტერორიზმის მუქარაში, ბავშვების დიდი ნაწილი არ გამოცხადდა.

„ზოგან კი 10-15 პროცენტია გამოცხადება, რაც ძალიან დაბალია. 5-6 ბავშვი ზის კლასებში. თუმცა არის სკოლები, სადაც 70 პროცენტია გამოცხადება. ჩვენ ყველა სკოლა გადავამოწმეთ, რა თქმა უნდა“, – ამბობს გოჩა დავითაძე.

მას ვკითხეთ, დაუკავშირდა თუ არა სკოლის ხელმძღვანელებს, რესურსცენტრს ვინმე ოფიციალური უწყებიდან და მიაწოდა თუ არა ინფორმაცია უსაფრთხოების საკითხებზე? – როგორც გოჩა დავითაძე ამბობს, მათთვის მხოლოდ სუს-ის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციაა ცნობილი.

„ჩვენ ოფიციალური განცხადება ვნახეთ ამ დილით, ცხრა საათამდე გავიგეთ და გადავუგზავნეთ სკოლის დირექციებს, დირექციებმა დამრიგებლებს. სხვა არაფერი ყოფილა“, – გვეუბნება ის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება და თქვა, რომ  დასახელებულ ობიექტებში ასაფეთქებელი მოწყობილობები არ აღმოჩნდა.

„გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმეზე, ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე“,  – ნათქვამია სუსი მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

____

ბათუმის სავაჭრო ცენტრებსა და სასწავლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოგვიჩენია – სუსი

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version