2024 წელს ბათუმი ისევ გენგეგმის გარეშე ხვდება. ამ სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობა ორი წლის წინ დაიწყო და 1 235 371 ლარიც დახარჯულია. დოკუმენტის მომზადებაზე კი, ქალაქის მერიას ხელშეკრულება 2 495 700 ლარზე აქვს გაფორმებული „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“.
ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით ამჯერად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ის] ანგარიშის მომზადების ეტაპია, რასთან დაკავშირებითაც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის 25 დეკემბერს მიიღო სკოპინგის დასკვნა.
სააგენტო ავალებს ბათუმის მერიას სგშ-ის ანგარიში მოამზადოს აღნიშნული სკოპინგის დასკვნის შესაბამისად [ჩაატაროს მთელი რიგი კვლევები, დააზუსტოს დეტალები და სხვა, რაც მერიამ შემდეგ უნდა ასახოს სგშ-ში].
სგშ – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედების შესწავლისა და ზოგადი პროგნოზირების პროცედურაა.
დასკვნის მისაღებად სკოპინგის ანგარიშით მერიამ სააგენტოს 2023 წლის აგვისტოში მიმართა და სკოპინგის ანგარიშთან ერთად ბათუმის გენგეგმის სამუშაო ვერსია და მასთან დაკავშირებული მთელი რიგი დოკუმენტები წარუდგინა.
ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის [გენგეგმის] დღეს არსებული ვარიანტის მიხედვით, ქალაქის განვითარებისთვის განსაკუთრებული როლი ენიჭება შავ ზღვას.
ზღვა ბათუმის სანაპირო ზოლს სერიოზულ საფრთხეებსაც უქმნის, ამიტომ ამჯერად წარმოგიდგენთ ზოგად ხედვას, თუ როგორ წარმოუდგენიათ მერიაში „ზღვის მართვა“, რომელიც „არ არის მოთვინიერებადი“ და „ხშირ შემთხვევაში [ქალაქს] არ ემორჩილება“.
„მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, ბათუმმა თანდათანობით უნდა დაიბრუნოს ზღვის მიერ მიტაცებული ქალაქი, შეცვალოს საკუთარი როლი „თანაავტორიდან“- „ავტორამდე“ და მართვის სადავეები სრულად აიღოს ხელში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ზღვა მეტად ამბიციური მოცემულობაა, რომელიც ასე იოლად არ ნებდება“, – აღნიშნულია ბათუმის მერიის მიერ მომზადებულ სკოპინგის ანგარიშში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ბათუმის განვითარების ხედვა გაყოფილია სამ განსხვავებულ, მაგრამ მყარად ურთიერთდაკავშირებულ მოცემულობად:
- ზღვა – რომელიც გავლენას ახდენს ბათუმის განვითარების შესაძლებლობებზე, არ არის „მოთვინიერებადი“;
- ქალაქი – მთავარი აქტორი, ადამიანთა საარსებო გარემო. ქალაქმა უნდა დააკმაყოფილოს ერთი მხრივ ადგილობრივი მოთხოვნები, რომლებიც უნიკალურია მისი გარემოსთვის, მეორე მხრივ, ბათუმი ასევე ისწრაფვის გახდეს კონკურენტუნარიანი მოთამაშე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე. შესაბამისად, საერთაშორისოდ აღიარებული მდგრადი ურბანული განვითარების მიზნების დაცვა აუცილებელი პირობაა მისთვის;
- ანარეკლი – ბათუმის სამომავლო სურათის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ მიმდინარე პროცესების პერმანენტული დაკვირვებით. ანარეკლი ქალაქის მონიტორინგის სისტემაა.“
„ზღვა ქალაქისთვის გარდაუვალი მოცემულობაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში მას არ ემორჩილება და მისი მართვის შესაძლებლობებს სცდება.
ერთი მხრივ ზღვა ქალაქწარმომქმნელი ფაქტორია და ბათუმის დაბადებაც პირდაპირ განპირობებულია მისი არსებობით. მეორე მხრივ ზღვა იქცა ქალაქის აქტიურ მაფორმირებლად – ის გარკვეულწილად შეიძლება განვიხილოთ როგორც ყველა გარეგანი ფაქტორის გავლენა, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბათუმის მორფოლოგიას, სტრუქტურას, სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას“, – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.
ამავე დოკუმენტის მიხედვით, ზღვა ქალაქისთვის [ისევე როგორც ქვეყნისთვის] განვითარების ამოუწურავი რესურსია და, როგორც მერიაში თვლიან, „ამავე დროს, მისი გავლენა იმდენად დიდია ქალაქზე, რომ აიძულებს მას განვითარდეს გარე მოთხოვნების შესაბამისად, ძალიან ხშირად ადგილობრივი საჭიროებების გაუთვალისწინებლად“.
ამდენად, „ჩვენ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ამ ორ მოცემულობას შორის შუამავლობა საერთო ინტერესებისა და ბალანსის საპოვნელადო“, აცხადებს ქალაქის მერია.
[toggle title=”ბათუმის განვითარებაში ზღვის როლთან დაკავშირებით მეტის სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
მერიის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია:
- „მიუხედავად იმისა, რომ ზღვის მნიშვნელობა ბევრად უფრო ფართოა და აღემატება ადგილობრივ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ბათუმისთვის ზღვა პირველ რიგში ნიშნავს შესაძლებლობას – ჩამოყალიბდეს რეგიონში ძლიერ თვითმმართველ ერთეულად. ქალაქის მიზანია უზრუნველყოს სტაბილური შემოსავლები ადგილობრივ ბიუჯეტში ლურჯი ეკონომიკის საქმიანობიდან.
- ცხადია, ლოგისტიკა და ტურიზმი ქალაქის ეკონომიკურ სტრუქტურაში ყველაზე ძლიერ სექტორებს წარმოადგენს მაღალი შემოსავლის მუდმივობის თვალსაზრისით.
- ეს ის აქტივებია, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ქალაქისგან დამოუკიდებლად (ვინაიდან მათი ადმინისტრირება სცდება ადგილობრივ საზღვრებს), მაგრამ მომავალში ბევრად უფრო მომგებიანი უნდა გახდეს ქალაქისთვის, რაც მიიღწევა პროცესებში ქალაქის უფრო აქტიური ჩართულობით.
- ქალაქი მუდმივად უნდა ზრუნავდეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციების მუდმივობის შენარჩუნებისთვის. ამრიგად, ბათუმი გარდაუვალია იყოს: საერთაშორისო დანიშნულების ადგილი; შავიზღვისპირა რეგიონის „ღუზა“; საზღვაო რესურსების მდგრადობის უზრუნველმყოფი;
- ბათუმის კომპლექსური მოცემულობებიდან გამომდინარე, საქალაქო ცხოვრების თავისებურებები ხშირად კონფლიქტში მოდიან ზღვის სიახლოვით განპირობებულ საკურორტო ფუნქციებთან, მაგ. სეზონური გადამჭიდროვების პრობლემა როგორც სამოსახლო ასევე სატრანსპორტო კუთხით, ხმაურით დაბინძურება, ჭარბი ნარჩენების მართვა და ა.შ.
- ამ გამოწვევათა საპასუხოდ, თუ კი მანამდე ქალაქი ვითარდებოდა გარე ფაქტორებისადმი რეაქციების საფუძველზე, მომავალში იგი უნდა შეიცვალოს მისი პროაქტიული განვითარებით. კერძოდ, განვითარების შემდეგი ნაბიჯები უნდა გადაიდგას შიდა მოთხოვნების საფუძველზე და გეგმიურად მიუახლოვდეს დასახულ მიზნებს.
- ქალაქის განვითარების ხედვის ამოსავალი პრიორიტეტი ადგილობრივი ინტერესების დაცვა და რეალურ ცხოვრებაში გატარებაა.
შესაბამისად, ბათუმი უნდა იყოს: საცხოვრებლად მიმზიდველი და საიმედო ქალაქი; კულტურული ასოციაციების ადგილი; სადაც ბუნება და ქალაქი თანაარსებობს.“
[/toggle]
ბათუმის განვითარების ხედვაში აღნიშნულია, რომ „ქალაქის არსებობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ზღვის არსებობასთან, სანაპიროს მდგრადობის უზრუნველყოფა კი ამ რესურსების შენარჩუნების გარდაუვალი მოცემულობაა.“
„სანაპიროს მდგრადობის“ კუთხით კი, მთავარ პრობლემად მოყვანილია აბრაზია [ზღვის მიერ ნაპირების გამორეცხვა], რომელიც, მერიის დოკუმენტის მიხედვით, „საკმაოდ გავრცელებული პროცესია“:
- „სამწუხაროდ ბოლო წლებში ხშირია 3-4 ბალი სიმძლავრის საზღვაო შტორმების წარმოქმნა-გააქტიურება შავი ზღვის აკვატორიაში, რის შედეგადაც პრაქტიკულად ყოველწლიურად ზიანდება ბულვარის რეკრეაციული ზოლი და მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურა.
- ზიანი ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენიმე მილიონ ლარს აჭარბებს. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია ფიქსირდება ადლიაში, ანგისაში, ჩაქვში, კვარიათში, გონიოსა და სარფში“.
მერიის დოკუმენტში აღნიშნულია ასევე, რომ „სანაპირო ზოლში პერიოდულად ხდება პლაჟმაფორმირებელი მასალის შეტანა, თუმცა აღნიშნული ღონისძიებები სრულყოფილად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან პლაჟმაფორმირებელი მასალის მხოლოდ პლაჟზე შეტანა საკმარისი არ არის. საჭიროა ანალოგიური ქმედება განხორციელდეს წყალქვეშა ფერდობზეც.“
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „გამაგრებული იქნა სანაპიროს ზოლის ცალკეული მონაკვეთები ქვაყრილითა და ფლეთილი ქვებით, რაც გარკვეულწილად დადებითი შედეგის მომტანია, თუმცა აღნიშნულმა ღონისძიებამ ჯერ-ჯერობით საბოლოოდ ვერ გადაჭრა სანაპირო ზოლის სტაბილიზაციის საკითხი. ანალოგიური მდგომარეობაა დაბა ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პერმანენტულად ხდება სანაპირო ზოლის გამორეცხვა და არსებული პლაჟის დაზიანება“.
„პრევენციის მიზნით, კომპლექსური [საინჟინრო-გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, ბათიმეტრიული და სხვა] კვლევების საფუძველზე, საჭიროა თითოეული უბნისთვის შემუშავდეს და განხორციელდეს ინდივიდუალური ნაპირსამაგრი ნაგებობის [ტალღამრიდის, ტალღის ჩამქრობის, ტეტრაპოდების, ფლეთილი ქვის ლოდების ან სხვა] ტიპის შერჩევა და მშენებლობა ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო სტანდარტების სრული დაცვით.“ – აღნიშნულია მერიის დოკუმენტში.
ბათუმის სანაპირო ზოლის დასაცავად ახალი სტრატექიის შემუშავების აუცილებლობაზეა საუბარი იმ დასკვნაშიც, რომელიც აჭარის მთავრობის დაკვეთით მომზადდა.
ბათუმის გენგეგმის არარსებობის პირობებში საქართველოს მთავრობა ძველ ბათუმში 200-მილიონიანი პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. ამ პროექტის დეტალები კი, მოსახლეობისთვის ამ დრომდე უცნობია:
მერიის მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ დოკუმენტებს შორისაა „ლანდშაფტის დაცვის გეგმაც“, რომლის მიხედვითაც:
- „ბათუმის ტერიტორიაზე რეკრეაციულ ზონასა და ბულვარის მიმდებარე ტერიტორიებზე არქიტექტურული ხაზის მნიშვნელოვანი დარღვევები არსებობს, კერძოდ, ზღვის სანაპიროზე აშენებული მაღალსართულიანი [30-50 სართულიანი] სასტუმროები ხელს უშლის ზღვის ნიავისა და იონიზებული ჰაერის შეღწევას ქალაქის ტერიტორიაზე და იწვევს არასასიამოვნო თერმულ პირობებს ზაფხულის პერიოდში.
- მაღლივი შენობები, უსახურს ხდიან ზღვის სანაპიროს პეიზაჟებს და ფარავენ ქალაქის გარშემო არსებული მთების ხედებს.
- ბათუმის საზღვაო სანაპიროს რეკრეაციული ზონების ეკოლოგიური მდგომარეობა, ტურისტების მატებასთან ერთად, თანდათანობით უარესდება.“
ბათუმის გენგეგმასთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბათუმის მერიას სგშ-ის ანგარიშში განიხილოს „შავ ზღვასთან დაკავშირებული განვითარების ღონისძიებები/პროექტები და გეგმები, ისეთ სფეროებსა და მიმართულებებთან დაკავშირებით, როგორიცაა მაგალითად:
საზღვაო გადაზიდვებთან დაკავშირებული გეგმები და კონკრეტული პროექტები; თევზჭერა, აკვაკულტურა და მისი განვითარებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა; ტურიზმის განვითარების საქმიანობა; ზღვის ბიომრავალფეროვნების – სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის ასპექტები და ა.შ.“
სააგენტოს დასკვნის მიხედვით, სგშ-ს ანგარიშის მომზადებისას ბათუმის მერიამ 49 საკითხი უნდა გაითვალისწინოს [ამ ჩამონათვალშია საჭირო კვლევები, მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციები].
[toggle title=”იმის სანახავად, თუ რას ითხოვს სააგენტო დამატებით მერიისგან, დააწკაპუნეთ აქ“]
გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნით, ბათუმის მერიამ სგშ-ს ანგარიშის მომზადებისას უნდა გაითვალისწინოს ასევე შემდეგი ინფორმაცია:
- „სკოპინგის განცხადებაში, კლიმატური და სამშენებლო კლიმატური მახასიათებლებისთვის (ბათუმი აეროპორტი, ქალაქი ბათუმი, ჩაქვი) საანგარიშო პერიოდები მითითებული არ არის, შესაბამისად, შეუძლებელია შედარება გარემოს ეროვნული სააგენტოს ბაზაში არსებულ კლიმატურ და სამშენებლო კლიმატურ მახასიათებლებთან. სგშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული უნდა იყოს აღნიშნული საკითხი და წარმოდგენილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია.
- მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოში არსებული ინფორმაციით, გეგმარებითი არეალი მოიცავს მიწისქვეშა წყლის ლიცენზირებულ და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით დასკვნა მომზადებულ ობიექტებს და მათ პირველი სანიტარიული დაცვის მკაცრი რეჟიმის ზონებს.
- ასევე, გეგმარებითი არეალი შედის ჭარნალის მადანგამოვლინებისა და ამავე ტერიტორიაზე, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ, სასარგებლო წიაღისეულის (ოქრო, პოლიმეტალები) შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით მომზადებული სააუქციონე ობიექტის კონტურში. საბადოზე ლიცენზიის გაცემის შემთხვევაში არ უნდა შეიზღუდოს წიაღისეულით სარგებლობა.
- გეგმარებითი არეალის მიმდებარედ არსებული დაცული ტერიტორიების მიმოხილვისას საჭიროა, ასევე იყოს განხილული მაჭახელას დაცული ლანდშაფტი.
- დაცული უნდა იყოს ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნები.
- დაზუსტებული უნდა იყოს „სატრანსპორტო კვანძი 2“-ის ტერიტორიის ფუნქციურად გადანაწილების საკითხი (პროცენტულ მაჩვენებლებში).
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, გენერალური გეგმის ერთ–ერთი ამოცანა არის ქალაქ ბათუმის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის საჭირო ტერიტორიული რესურსის მოძებნა და რეზერვაცია. სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიების შესახებ (ადგილმდებარეობის მითითებით).
- კონცეფციის მთავარი სქემის რუკის ლეგენდაზე წარმოდგენილი ფუნქციური არეალების პირობითი აღნიშვნები იდენტურია, რაც ართულებს რუკის წაკითხვას. საჭიროა, სგშ-ის ანგარიშის წარმოდგენის დროს კორექტირებული იყოს აღნიშნული ხარვეზი.
- ახალი საუბნო განაშენიანება „ბენზეს“ საპროექტო უბნის ზონირების რუკის მიხედვით ტერიტორიაზე წარმოდგენილია სარეკრეაციო, საცხოვრებელი და საქმიანი ზონები, ხოლო გენერალური გეგმის კონცეფციის რუკის მიხედვით აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილია საწარმოო ზონა. სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტში საჭიროა დაზუსტდეს ზონებს შორის სხვაობა.
- საჭიროა, წარმოდგენილი იყოს რუკა, სადაც ერთად იქნება ასახული სტრატეგიულ დოკუმენტში წარმოდგენილი ყველა ზონა და ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებები.
- სტრატეგიულ დოკუმენტში საჭიროა, დაზუსტებული იყოს ახალი საუბნო განაშენიანების ტერიტორიების ფუნქციური გადანაწილების შესახებ ინფორმაცია.
- დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი საუბნო განაშენიანება „ბენზეს“ ტერიტორიაზე არსებობს „სტატუსიანი გამწვანებული არეალები“, რომლებიც საჭიროებენ განვითარებას. საჭიროა, წარმოდგენილი იყოს ინფორმაცია აღნიშნული ტერიტორიების სტატუსისა და განვითარებისთვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
- სდგ-სა და გენერალური გეგმის კონცეფციის ტექსტური ნაწილის კომბინირებულ დოკუმენტში ერთიანი სტრუქტურის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა ღონისძიება და ხედვა, რომელიც დაგეგმილია სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელებით.
- სგშ-ის ანგარიში უნდა მოიცავდეს მიზეზშედეგობრივ, თანმიმდევრულ მსჯელობასა და ანალიზს, როგორც წარმოდგენილი კონცეფციის, ასევე მის დანართებში არსებულ გარემოსდაცვით საკითხებთან და დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით.“
წყარო: სკოპინგის დასკვნა
[/toggle]
„ბათუმელებს“ ჰქონდა მცდელობა მოსახლეობისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია როგორ მუშაობდა მერია ქალაქის გენერალური გეგმის პროექტზე, თუმცა მერიაში მხოლოდ ერთი სიტყვით გვიპასუხეს – „გამოითხოვეთ“.
ამ თემაზე
უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ