მთავარი,სიახლეები

როგორ გამოიყურება ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

16.12.2023 •
როგორ გამოიყურება ბათუმის ბულვარი შტორმის შემდეგ [ფოტო]

ბათუმის ბულვარში, მოქმედ კომერციულ ობიექტებში საახალწლო დღეებისთვის ემზადებიან. რამდენიმე ობიექტზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. აქ ამბობენ, რომ ძლიერმა შტორმმა ინფრასტრუქტურა ისე დააზიანა, რომ მათი აღდგენა ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა.

პლაჟზე ისევ შეხვდებით რკინის კონსტრუქციებს, თუნუქის ფირფიტებს და სხვა სამშენებლო ნარჩენებს.

27 ნოემბერს შტორმმა ახალ ბულვართან სანაპირო ზოლი დააზიანა. ამ შტორმის დროს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ძველი ბულვარის მიმართულებით ზღვა ნაპირის ნგრევას ისევ აგრძელებს.

აქ ამბობენ, რომ შენობის იატაკი ქვიშით იყო დაფარული, დაზიანდა გარე გამოყენების ინფრასტრუქტურაც, ახლა ცდილობენ ახალი წლის დადგომამდე გარემო მოაწესრიგონ

ბათუმის ბულვარი

რამდენიმე ობიექტზე გვითხრეს, რომ ისევ შტორმია მოსალოდნელი, ამიტომაც ცდილობენ საპლაჟო ინფრასტრუქტურა ერთად შეაგროვონ და შეფუთონ – თუ ძლიერი შტორმი იქნება, შემოჭრილმა ტალღამ ისევ არ გაფანტოს და არ დააზიანოს.

ბათუმის ბულვარი

ბათუმის ბულვარი

ზოგიერთი კომერციული ობიექტი დაკეტილია. პრომინადის მხრიდან და პლაჟის მხარესაც, სადაც ამ ობიექტებს მოზრდილი ადგილები აქვთ შემოღობილი, გარემო დასუფთავებული არ არის. ღობეების მიხედვით, რაც მათ აქვთ გამოყენებული, ადვილი მისახვედრია, რომ მოიჯარეები ბულვარის ინფრასტრუქტურის მიმართ პასუხისმგებლობას დიდად არ გრძნობენ.

ბათუმის ბულვარი

 

ზოგიერთი კომერციული ობიექტი, რომელიც საკურორტო სეზონზე აქტიურია, სეზონის დასრულების შემდეგ ინფრასტრუქტურას ასე ტოვებს. კედლები კი ძველი, აგვისტოში დაგეგმილი და უკვე ჩატარებული კონცერტების ნახევრად დახეული ბანერებით აქვთ დაფარული.

ესეც საიჯარო წესით გასხვისებული ადგილია

ბულვარი დღეს

შედარებით მოწესრიგებულია პრომინადი და გამწვანებული ზოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ  ბულვარის ადმინისტრაცია საიჯარო წესით გაცემულ ფართობებზე ბულვარის იერ-სახის შენარჩუნებასა და დაცვას მოიჯარეების მხრიდან საკმარისად ვერ აკონტროლებს.

ბათუმის ბულვარი, ფოტოები გადაღებულია დღეს, 16 დეკემბერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: