2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 573 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა 1059 ადამიანზე – ასეთია შს სამინისტროს სტატისტიკა.

ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოიწერა თბილისში – 324, მეორე ადგილზე კი აჭარაა, სადაც პოლიციამ 76 შემაკავებელი ორდერი გამოწერა ქალთა მიმართ ძალადობის საქმეზე 145 პირის მიმართ [შემაკავებელი ორდერი შეიძლება გამოიწეროს რამდენიმე პირზე].

აჭარაში გამოწერილი შემაკავებელი ორდერიდან 20 გამოიწერა ფიზიკური ძალადობის გამო, 63 – ფსიქოლოგიური ძალადობის, 3 – სექსუალური ძალადობის, 3 კი – იძულების გამო.

მოძალადეების უმრავლესობა კაცი იყო. 505 ორდერი სწორედ კაცების მიმართ გამოიწერა.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე ხშირად ძალადობის მსხვერპლი ქალების ასაკი 25-44 წელია.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის გამო გამოწერილ შემაკავებელ ორდერებს, სტატისტიკა აქ გაცილებით მაღალია. 2023 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოში ოჯახში ძალადობის გამო სულ 6510 შემაკავებელი ორდერი გამოიწერა, აქიდან აჭარაში – 619.

შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 3019 შემაკავებელი ორდერი თბილისში გამოიწერა, მეორე ადგილზე კი ამ სტატისტიკაშიც აჭარაა – 2023 წლის პირველ 9 თვეში აჭარაში 619 ორდერი გამოიწერა ოჯახში ძალადობის გამო.

კანონმდებლობა შემაკავებელი ორდერის გამოცემას ითვალისწინებს მხოლოდ ორ შემთხვევაში: როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ოჯახის წევრებს შორის ან როდესაც ძალადობის ფაქტი ხდება ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით. შემაკავებელი ორდერი 30 დღემდე ვადით გამოიცემა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version