უკრაინული გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 14 სექტემბრის ღამეს უკრაინის სამხედრო კონტრდაზვერვამ და საზღვაო ძალებმა ჩაატარეს „უნიკალური სპეცოპერაცია“ ოკუპირებულ ყირიმში, კურორტ ევპატორიის მახლობლად. მედიის ცნობით, განადგურებულია რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემა „ტრიუმფი“, რომლის ღირებულებაც 1,2 მილიარდი აშშ დოლარია.
გამოცემის წყაროს ცნობით, სამიზნეზე ეფექტურად იმუშავეს დრონებმა და უკრაინული „ნეპტუნის“ რაკეტებმა.
თავდაპირველად დრონებმა დააზიანეს „ტრიუმფის“ „თვალები“ – რადარები და ანტენები, შემდეგ კი, როცა სარადარო სადგურები გამოსული იყო მწყობრიდან, უკრაინის საზღვაო ძალებმა ორი რაკეტით დაარტყეს „ტრიუმფის“ გამშვებ მექანიზმს.
S-400 „ტრიუმფი“ არის რუსული საზენიტო სარაკეტო სისტემა, რომელიც გამოიყენება არა მხოლოდ საჰაერო თავდაცვისთვის, არამედ დაბომბვისთვისაც.
„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ცნობით, „ყირიმში რუსებს ახალი სიურპრიზები ელით“.
ყირიმის ნახევარკუნძული რუსეთს 2014 წლიდან აქვს ანექსირებული.