დღეს, 27 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ყოველდღიურ, მოკლე ცნობებში რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ტვიტერზე წერს, რომ შავ ზღვაში უკრაინა და რუსეთი იბრძვიან სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გაზისა და ნავთობის პლატფორმებისთვის ყირიმსა და ოდესას შორის. ეს არის ე.წ. “ბოიკოს კოშკები”, რომელიც რუსეთმა უკრაინას 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს წაართვა.
ბრიტანული დაზვერვა წერს, რომ გასულ კვირას რუსულმა საბრძოლო თვითმფრინავმა ესროლა უკრაინულ სამხედრო კატერს, რომელიც შავ ზღვაში გაზისა და ნავთობის პლატფორმის მახლობლად, ჩრდილო-დასავლეთით მოძრაობდა.
დაზვერვა წერს, რომ 2022 წელს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინამ დაარტყა რუსეთის მიერ კონტროლირებად რამდენიმე პლატფორმას და რუსეთიც და უკრაინაც პერიოდულად იკავებდნენ პლატფორმებს.
პლატფორმებზე ნახშირწყალბადის ძვირფასი რესურსებია. თუმცა, ისევე როგორც კუნძულ ზმეინის შემთხვევაში, პლატფორმები ასევე შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბაზების, დესანტის და შორი მანძილის სარაკეტო სისტემების განლაგებისთვის – წერს ბრიტანული დაზვერვა.