დღეს, 22 აგვისტოს, დაგეგმილია დიდაჭარის კაშხლის წყალსაცავიდან წყლის ტექნიკური გაშვება, რის გამოც მდინარე აჭარისწყალში წყლის დონემ შესაძლოა 15-20 სმ-ით მოიმატოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“ ადასტურებენ.

იმისათვის, რომ მდინარეში წყლის დონის მატებამ საფრთხე არ შეუქმნას მდინარის კალაპოტთან ახლოს მყოფ პირებს – მოცურავეებს, ტურისტებს, მეთევზეებს ან პირუტყვს, საჭიროა მოსახლეობის ინფორმირება.

„მსგავს ტექნიკურ სამუშაოებს კომპანია წელიწადში ერთხელ ან ორჯერ აწარმოებს, კაშხლის გეგმიური მოვლა-პატრონობის ფარგლებში. მაგრამ, რადგანაც წყლის გაშვებამ შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეში წყლის დონის მატება, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე ჩვენ ამის თაობაზე ვაცნობეთ მუნიციპალიტეტებს, რომ გაითვალისწინონ  და აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიაში“.

კომპანიის ვებგვერდზე აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად არ არის განთავსებული. კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ინფორმაცია პარტნიორ ორგანიზაციებსა და მუნიციპალიტეტებს მიაწოდეს.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version