უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთთან ომი დიდხანს გაგრძელდება და არ დასრულდება არც ამ წლის ბოლომდე და არც მომავალ გაზაფხულამდე, როგორც ზოგიერთი იმედოვნებს.
ამის შესახებ ვერეშჩუკმა ტელეგრამში დაწერა 15 აგვისტოს.
„კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება ომი? გულწრფელი უნდა ვიყოთ. ამ ომში გზა გამარჯვებამდე იქნება გრძელი და რთული. „2-3 კვირაში“, „წლის ბოლომდე“, „მომავალ გაზაფხულზე“ – ეს არ არის სიმართლე.
ხანგრძლივი ბრძოლისთვის უნდა განვეწყოთ. მოქალაქეები და ხელისუფლება – ყველა უნდა შეეგუოს ხანგრძლივ და რთულ ომს და მხოლოდ მაშინ გავიმარჯვებთ,“ – წერს ვერეშჩუკი.
მან ხუთი პუნქტი ჩამოთვალა, თუ რა უნდა გააკეთონ უკრაინელებმა გამარჯვებისთვის.
„ვემზადებით მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, თორმეტრაუნდიანი ბრძოლისთვის და არა სამისთვის.
ვიბრძვით რეალური ამბებისთვის, არ ვკარგავთ რესურსებს.
ფოკუსირებას ვახდენთ მთავარზე, უგულებელვყოფთ დანარჩენს.
კორუფცია ქვეყნის ღალატია.
პოლიტიკანობასა და კინკლაობაზე – მორატორიუმი. უთანხმოება – ომის შემდეგ“.
„უკრაინასკაია პრავდა“ წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის შემცვლელს ეძებს. გამოცემის ცნობით, ამ პოსტზე ირინა ვერეშჩუკს აქვს მუშაობის სურვილი.