საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ დეტალურად შეისწავლის აშშ-ის მიერ ბელარუსილი ავიაკომპანია „ბელავიას“ მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება.

გუშინ, 9 აგვისტოს, აშშ-მ ახალი სანქციები დააწესა ბელარუსული კომპანიებისა და ბელარუსის რამდენიმე მოქალაქის წინააღმდეგ.

სანქცირებულთა შორისაა ბელარუსის სახელმწიფო ავიაკომპანია Belavia. ამის შესახებ აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის პრესრელიზშია აღნიშნული.

ავიაკომპანია „ბელავია“ პირდაპირ ავიარეისებს ახორციელებს „მინსკი – თბილისის“ მიმართულებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დღეს, 10 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ სააგენტო მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს და აღნიშნავს:

„სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია „ბელავიას“ საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.

სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება“ – იუწყება სააგენტო.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version