რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ დღეს, 4 ივლისს, დილით, მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმა მოხდა. რუსეთი მომხდარში კიევს ადანაშაულებს.

„ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა.

კიდევ ერთი უპილოტო საფრენი აპარატი ჩახშობილ იქნა და ჩამოვარდა მოსკოვის ოლქის ოდინცოვოს რაიონის ტერიტორიაზე.

მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა“ – წერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო „ტელეგრამზე“.

დღეს დილით მომხდარის შესახებ განცხადება გაავრცელა მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა. მისი თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ზოგიერთი რეისი დროებით გადამისამართდა ვნუკოვოს აეროპორტიდან.

ასევე, რუსული მედია წერს, რომ ახალი მოსკოვის სოფელ აკინშინოს მცხოვრებებმა აფეთქების ორი ხმა გაიგონეს.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version