ბათუმის მერიის სამმართველომ ვიდეოსათვალთვალო კამერების შეძენა-მონტაჟზე მორიგი ტენდერი გამოაცხადა 1,9 მილიონი ლარით.
კამერების შეძენა-ექსპლუატაციაზე ბათუმის მერია სოლიდურ თანხას ყოველწლიურად ხარჯავს, თუმცა რამდენი კამერა მუშაობს ქალაქში, ამ ინფორმაციას მალავს.
ვიდეოსათვალთვალო კამერებზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ერთი კომპანია – შპს „დელტა კონსალტინგი“ იმარჯვებს. ამ კომპანიისთვის კი, 2019-2022 წლებში ბათუმის მერიას 3 193 025 ლარი აქვს გადახდილი.
რა ადგილებზეა დამონტაჟებული ქალაქის ბიუჯეტის ფულით შესყიდული ვიდეოკამერები, რამდენი მათგანი მუშაობს გამართულად და ვინ არის ჩანაწერების დაცვა-გაცემაზე პასუხისმგებელი? – ამის შესახებ „ბათუმელებმა“ ქალაქის მერიიდან გასული წლის აგვისტოში გამოითხოვა ინფორმაცია ოფიციალურად.
მერიამ ოფიციალურად მხოლოდ სამი თვის შემდეგ, 2022 წლის ნოემბერში გვიპასუხა. უფრო სწორად, არც ერთ ჩვენს კითხვაზე პასუხი არ გასცა – მხოლოდ სატენდერო განცხადების ნომრები მოგვწერა. მერიაში არც ის განმარტეს, თუ რატომ დამალეს ჩვენ მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია.
[toggle title=”კითხვების სანახავად დააწკაპუნეთ აქ“]
„ბათუმელები“ 2022 წლის 18 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე ელოდებოდა ბათუმის მერიიდან ამ კითხვებზე პასუხებს, თუმცა მერიამ არც ერთ კითხვაზე პასუხი არ მოგვწერა.
რა ინფორმაციას ვითხოვდით ბათუმის მერიიდან:
- რამდენი ვიდეოსამეთვალყურეო კამერა [სხვადასხვა ტიპის] შეისყიდა ბათუმის მერიამ 2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე პერიოდში [გთხოვთ, მონაცემები მოგვაწოდოთ წლების და ასევე შესაბამისი სატენდერო განცხადების ნომრების მითითებით].
- ყველა იმ მისამართების ჩამონათვალი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც დღევანდელი მონაცემებით დამონტაჟებულია ქალაქის მერიის მიერ შესყიდული ვიდეოსამეთვალყურეო კამერა.
- ყველა იმ მისამართების ჩამონათვალი ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე, სადაც, დღევანდელი მონაცემებით, ვიდეოსამეთვალყურეო კამერა მუშაობს [დაერთებულია შესაბამის სისტემასთან/ჩართულია შესაბამის ქსელში].
- რა პერიოდის განმავლობაში ინახება ამ კამერების ჩანაწერები და სად [ამასთან, ვინ არის ამ ჩანაწერების შენახვა-გაცემაზე პასუხისმგებელი]?
- ყველა იმ მისამართის ჩამონათვალი, სადაც უნდა დამონტაჟდეს ამ დროისთვის გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში შესყიდული ვიდეოსამეთვალყურეო კამერები.
[/toggle]
რაც შეეხება ახალ ტენდერს, საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ის 2023 წლის 10 მაისს გამოაცხადა 1 980 034 ლარით.
ტექნიკური პირობის მიხედვით:
- „პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ბათუმის ტერიტორიაზე ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიწოდება-მონტაჟი და ვიდეონაკადის (სტრიმის) უზრუნველყოფა/ტრანსპორტირება ბათუში მდებარე სასერვერომდე (ანგისა) და თბილისის (სსიპ 112) მონაცემთა დამუშავების ცენტრებამდე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 12 თვის განმავლობაში.
- შესყიდვის ობიექტზე უნდა გავრცელდეს ერთწლიანი ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება (ადგილზე). პრეტენდენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს ელექტრონული ფოსტის ან/და სატელეფონო შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში.
- ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ვიდეოსამეთვალყურეო კამერ(ებ)ის სრული კომპლექტის და ვიდეონაკადების კავშირგაბმულობის მდგრადობა.
- გარე გამოყენების უწყვეტი კვების სისტემის ელექტროქსელზე დაერთების ორგანიზებას, ენერგოდისტრიბუტორ კომპანიასთან (სს „ენერგო-პრო ჯორჯია“) კოორდინირებას და ტექნიკური დავალების შეთანხმებას უზრუნველყოფს შემსრულებელი. ელექტროენერგიის ხარჯს (ყოველთვიური სააბონენტოს) კი, უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაცია.
- მოწოდებული ტექნიკის საგარანტიო პირობები არ ვრცელდება ვიდეოკამერაზე ან სრულ კომპლექტაციაზე, თუ სახეზეა გარეშე ფაქტორებით გამოწვეული დაზიანება (ელექტროძაბვა, მეხის დაცემა, ავტოსაგზაო შემთხვევა და სხვა.).“
ამ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 7 ივნისს დაიწყება და 12 ივნისს დასრულდება.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში ბათუმში 410 ახალ სათვალთვალო ვიდეოკამერას იყიდიან და დაამონტაჟებენ.
ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან: