შუახევის მუნიციპალიტეტის მთა ჩირუხში ზიპლაინის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან გათვალისწინებული თანხა 2,7 მილიონი ლარით გაიზარდა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ 6 752 200 ლარით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], ამჯერად კი, 9 512 716 ლარით ტენდერი, იმავე მომსახურების შესყიდვაზე, „აჭარის პროექტების მართვის კომპანიამ“ გამოაცხადა.

[ამ კომპანიის 100% წილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა, ხოლო პარტნიორის უფლებამოსილებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს].

ტენდერის პირობის მიხედვით, ზიპლაინის პროექტის მომზადება და მის საფუძველზე მშენებლობა გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2024 წლის 2 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება ტენდერში 2023 წლის 28 აპრილს დაიწყება და 3 მაისს დასრულდება.

ზიპლაინის მინიმალური სიგრძე 1 752 მეტრი უნდა იყოს.

„პროექტის მიზანია ჩირუხის, როგორც ტურისტული დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია. ზიპლაინი იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ზიპლაინი ევროპაში. ზედა სადგური დაპროექტებულია როგორც „არწივის ბუდე“, საიდანაც იშლება პანორამული ხედი ხეობაზე. ქვედა სადგურის პროექტში ინტეგრირებულია ტურისტულ-ვიზიტორთა ცენტრი“, – აღნიშნულია დოკუმენტებში.

მეტი დეტალის სანახავად გადადით ამ ბმულზე:

6,7 მილიონი ლარი შუახევის მთა ჩირუხში ზიპლაინის მოსაწყობად

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version