ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსული ჯარები შეძლებენ კიევის აღებას, თუნდაც კვლავ დაესხან უკრაინის დედაქალაქს ბელორუსის ტერიტორიიდან, აცხადებენ აშშ-ის ომის კვლევის ინსტიტუტის [ISW] ანალიტიკოსები.
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ The Economist-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსები 200 000-მდე ახალ ჯარისკაცს ამზადებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურს ეჭვი არ ეპარება, რომ ისინი კვლავ შეუტევენ კიევს.
ISW დარწმუნებულია, რომ ჩრდილოეთ უკრაინაში განმეორებითი შეტევის შემთხვევაშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ჯარები 2023 წლის ზამთარში უფრო მეტ წარმატებას მიაღწევენ, ვიდრე 2022 წლის თებერვალში მოახერხეს.
ინსტიტუტის ანალიტიკოსები თვლიან, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ძლიერ დეგრადირებულები არიან და არ გააჩნიათ ის საბრძოლო სულისკვეთებაც კი, რაც ჰქონდათ რუსეთის ფედერაციის მიერ კიევის აღების მცდელობისას – 2022 წლის თებერვალში და ეს სრულმასშტაბიანი მცდელობა ჩავარდა.
ინსტიტუტში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის ჯარმა ვერ შეძლო თავისი მიღწევების დაცვა უკრაინაში და უკვე დაკარგა 70 ათას კვადრატულ მეტრზე მეტი ოკუპირებული ტერიტორია მას შემდეგ, რაც კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ბახმუტში რუსები დღეში, წინ, მხოლოდ დაახლოებით 100-200 მეტრით მიიწევენ, მაშინ, როცა აქ საკუთარი მნიშვნელოვანი ძალების კონცენტრაცია მოახდინეს.
ასევე, ISW-ის ანგარიშის თანახმად, რუსეთმა ვერ მოიპოვა უპირატესობა ჰაერში და დიდწილად ამოწურა მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალების არსენალი.
„უკრაინის არმიამ, თავის მხრივ, მოაწყო მნიშვნელოვანი თავდაცვითი სიმაგრეები ჩრდილოეთ უკრაინაში და ახლა უკეთ არიან მზად თავდაცვისთვის, ვიდრე 2022 წლის თებერვალში.
ბელორუს-უკრაინის საზღვრის მახლობლად არსებული რელიეფი მანევრირებადი ომისთვის არ არის ხელსაყრელი და შესაძლო შემოჭრის მარშრუტები ბელორუსიდან კიევზე თავდასასხმელად გავიდეს ჩერნობილის დახურულ ზონაში არსებულ ვიწრო გასასვლელებზე, რომელთა დაცვაც უკრაინის არმიამ უკვე ისწავლეს“, – დასძენს ინსტიტუტის ანალიტიკოსები..
ISW-ის სხვა ძირითადი მიგნებები:
- შესაძლოა, რუსეთი, 2023 წლის ზამთარში, უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის პირობებს ამზადებდეს. ნაკლებსავარაუდოა, რომ მსგავსი თავდასხმა იქნება წარმატებული. თუმცა, ბელორუსიდან რუსეთის ჯარების უკრაინაზე თავდასხმა გარდაუვალი არ არის.
- ვლადიმერ პუტინის მიზნები უკრაინაში არ შეცვლილა.
- პუტინი ერთდროულად ორი სახის სამხედრო ძალისხმევას მიმართავს საკუთარი მიზნების – უკრაინის დაპყრობისა და მნიშვნელოვანი დათმობების მისაღწევად.
- პუტინი, სავარაუდოდ, 2023 წლის გაზაფხულამდე განახლებული შეტევის საფუძველს ამზადებს, რათა უკრაინა აიძულოს დათმობაზე წავიდეს.
- რუსეთის ჯარს შეუძლია შექმნას პირობები ბელორუსის ტერიტორიიდან შეტევისთვის, თუმცა ISW კვლავაც თვლის, რომ ბელორუსი სამხედროები არ ჩაერთვებიან უკრაინასთან ომში.
- უკრაინული ძალები აგრძელებენ კონტრშეტევას კრემენნაიასა და სვატოვოს მიმართულებით.
- რუსული ჯარები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციებს ბახმუტისა და ავდიივკას მიდამოებში.
- რუსული ჯარები აგრძელებენ თავდაცვით ოპერაციას სამხრეთში, მდინარე დნეპრიდან უკრაინის სამხრეთით.
- რუსეთის ოფიცერთა კორპუსი კვლავ მძიმე დანაკარგებს განიცდის უკრაინაში.
- უკრაინელმა პარტიზანებმა ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს ოლქში სატრანსფორმატორო ქვესადგურზე დივერსია მოაწყვეს.