სიახლეები

რუსები ელიან, რომ უკრაინის არმია დნეპრს გადალახავს და კონტრშეტევას დაიწყებს – ISW

28.11.2022 • 1706
რუსები ელიან, რომ უკრაინის არმია დნეპრს გადალახავს და კონტრშეტევას დაიწყებს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) შეფასებით, რუსეთის სარდლობა შიშობს, რომ უკრაინის არმია შეძლებს მდინარე დნეპრის გადალახვას, დაიწყებს კონტრშეტევას აღმოსავლეთ ხერსონში და დაემუქრება ქალაქ მელიტოპოლს და ყირიმიდან მომავალ სახმელეთო ლოგისტიკურ ქსელებს.

ISW-ის ანალიტიკოსებმა გააანალიზეს სატელიტური ფოტოები, რომლებიც ცხადად აჩვენებს, სად და რა ფორმით ამაგრებენ რუსები თავდაცვის ხაზს აღმოსავლეთ ხერსონში.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთის ჯარები არ ცდილობენ უკრაინის არმიის სრულად შეჩერებას და პრიორიტეტს ანიჭებენ ისეთ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც უკრაინელთა წინსვლას შეაფერხებს და მათ დროს მოაგებინებს.

„ისინი გრძელვადიანი დაცვის პირობებს ქმნიან ხერსონის აღმოსავლეთში კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხების ხაზის გასწვრივ. სატელიტური ფოტოები ადასტურებს, რომ რუსეთის არმია განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს სანგრებისა და ისეთი ტანკსაწინააღმდეგო საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობას, როგორიცაა „დრაკონის კბილები“. ამ საფორტიფიკაციო ნაგებობებს რუსები აშენებენ იმ გამყოფი ხაზის გასწვრივ, რომელიც დენპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე მყოფ რუსეთის ჯარებს აკავშირებს ხერსონის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთის ზურგის რაიონებთან, ყირიმთან და მელიტოპოლისა და ზაპოროჟიეს ოლქის გარშემო არსებულ ზურგის რაიონებთან“ – წერს ISW-ი.

თხრილები და ტანკსაწინააღმდეგო ფორტიფიკაცია ველიკა ბლაგოვიშჩენკასთან ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ფოტო გადაღებულია 15 ნოემბერს/Maxar Technologies

ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ ეს საველე საფორტიფიკაციო ნაგებობები განლაგებულია უშუალოდ გამყოფი ხაზის გასწვრივ გზებისადმი პერპენდიკულარულად. ამგვარად, ისინი უფრო მეტად წააგავს ცალკეულ საგუშაგოებს, ვიდრე ერთიანი თავდაცვითი ხაზის ნაწილს.

ISW-ის ცნობით, რუსებმა ასევე გაამაგრეს 3-კილომეტრიანი ზოლი, რომელიც კინბურნის ნახევარკუნძულს ხერსონის ოლქისგან ჰყოფს.

„რუსების თავდაცვითი პოზიციები ადასტურებს, რომ რუსეთის სამხედრო სარდლობა სერიოზულ საფრთხედ განიხილავს დნეპრის გადალახვისა და მარცხენა სანაპიროზე უკრაინელთა კონტრშეტევის დაწყების შესაძლებლობას,“ – აღნიშნავენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

ISW-ის უახლესი ანგარიშის თანახმად, ხერსონის აღმოსავლეთში, რუსების საველე ფორტიფიკაციების უმრავლესობა დაუცველი აღმოჩნდება ალყის შემთხვევაში, რადგან უფრო მეტად მიმართულია იმისკენ, რომ ხელი შეუშალოს უკრაინის არმიის გზებზე გადაადგილებას.

„ბევრი ნაგებობა გზების გასწვრივ თავად გზების საზღვრებს არ სცდება. ასეთი პოზიციების უმრავლესობას ღია ფლანგები აქვს და ერთმანეთისგან ტაქტიკური მხარდაჭერის მანძილით არ არიან დაშორებულნი, რაც თითოეულ მათგანს უკრაინელთა ალყისთვის დაუცველს ხდის,“ – მიუთითებს ISW.

თხრილები და ტანკსაწინააღმდეგო ფორტიფიკაცია სტეპნესთან, ხერსონის ოლქის ოკუპირებულ ნაწილში. ფოტო გადაღებულია 15 ნოემბერს/Maxar Technologies

ინსტიტუტის ვარაუდით, რუსები უკრაინელთა კონტრშეტევის არა შეჩერებას, არამედ მხოლოდ შენელებას ეცდებიან, რათა ამ დროში დამატებითი თავდაცვითი ნაგებობების მოწყობა მოასწრონ.

„მიუხედავად იმისა, რამდენად კარგად ან ცუდადაა მოწყობილი ეს თავდაცვითი ნაგებობები, რუსების მცდელობა ხაზს უსვამს ამ ტერიტორიის კრიტიკულ მნიშვნელობას. თუ უკრაინის არმია დაიკავებს ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილს და იქ გამაგრდება, შემდეგი კონტრშეტევით მელიტოპოლს დაემუქრება,“ –  ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ, რომ უკრაინელთა კონტრშეტევა ზოგჯერ, იმაზე სწრაფად ვითარდებოდა, ვიდრე დასაწყისში, თუმცა იქვე დასძენენ, რომ ინსტიტუტი არ აკეთებს პროგნოზს უკრაინელთა მომავალ სამხედრო ოპერაციებთან დაკავშირებით და არც იმას აფასებს, რამდენად შეუძლია უკრაინის არმიას ამგავრი კონტრშეტევების წარმოება.

„თუმცა ცხადია, რომ რუსეთის სარდლობა სერიოზულად განიხილავს უკრაინელთა კონტრშეტევას დნეპრის გადალახვით ან კინბურნის ნახევარკუნძულის გავლით,“ – წერს ინსტიტუტი.

ISW-ის ანგარიშის სხვა მთავარი მიგნებები 27 ნოემბრისთვის:

  • უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ემზადებიან ფარული მობილიზაციის შემდეგი ტალღისთვის, რომელიც მთელ რუსეთში და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 10 დეკემბრიდან დაიწყება;
  • უკრაინის გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის ჯარები თავდაცვით ოპერაციას აწარმოებენ სვატოვო-კრემენაიას ხაზის გასწვრივ და განაგრძობენ შეტევას კრემენაიას დასავლეთით;
  • რუსული წყაროების თანახმად, უკრაინის არმია განაგრძობდა კონტრშეტევას სვატოვოსა და კრემენაიას მიმართულებაზე;
  • რუსეთის არმიამ რამდენიმე შეტევა განახორციელა ავდეევკის გარშემო და სავარაუდოდ, მცირედ წინსვლასაც მიაღწია;
  • რუსეთის არმიამ დაარტყა დნეპრს, კრივოი როგსა და ზაპოროჟიეს;
  • რუსეთის საოკუპაციო ჩინოვნიკები განაგრძობდნენ უკრაინელი ბავშების იძულებით გაყვანას ლუგანსკიდან რუსეთში იმ საბაბით, რომ ბავშვებს განსაკუთრებული სამედიცინო დახმარება სჭირდებათ.

მთავარ ფოტოზე: რუსების თავდაცვითი პოზიციებისა და ფორტიფიკაციების რუკა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ხერსონის აღმოსავლეთ ნაწილში/ISW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: