ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) დღევანდელი ანგარიშის მთავარი თემა რუსი სამხედრო ბლოგერები არიან. ანალიტიკოსების შეფასებით, ბლოგერების ჯგუფს პირადად ვლადიმერ პუტინი მფარველობს.
შესწავლილ მასალებზე დაყრდნობით, ექსპერტები წერენ, რომ ქვეყანაში დამყარებული მკაცრი ცენზურის მიუხედავად, რუსეთის პრეზიდენტმა სამხედრო ბლოგერები არაერთხელ დაიცვა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თავდასხმებისგან.
„რუსი სამხედრო ბლოგერები უბრალოდ კი არ უჭერენ მხარს ომს, არამედ ყალიბდებიან ჯგუფად, რომელსაც რუსეთში დამოუკიდებელი ხმა აქვს, თუმცა ისინი რუსეთის ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები არ არიან. ზოგი ოფიციალურ თანამდებობასაც კი იკავებს კრემლში. ზოგიერთი ცნობილი ბლოგერი, რომელსაც ასობით ათასი გამომწერი ჰყავს, პუტინმა დააწინაურა კიდეც,“ – აღნიშნავს ISW-ი და დასძენს, რომ პუტინის მიზანი მხოლოდ ნაციონალისტურად განწყობილი აუდიტორიის გულის მოგება არაა, ის ცდილობს „არ დაუშვას, რომ ეს ჯგუფი მის წინააღმდეგ შემობრუნდეს“.
ანალიტიკოსების აზრით, ბლოგერების საზოგადოების პოპულარობა განაპირობა კრემლის უუნარობამ, თავად შეექმნა ძლიერი საინფორმაციო სივრცე „ტელეგრამში“. ეს ნიშნავს, რომ სავარაუდოდ, პუტინმა ვერ შეძლო, საკუთარი ხალხი ხანგრძლივი და სერიოზული ომისთვის მოემზადებინა.
„დარჩებიან კი ბლოგერები პუტინისა და მისი საომარი კამპანიის ერთგულები, თუ რუსეთის ჯარი განაგრძობს ბრძოლას და კვლავაც მარცხს მარცხზე განიცდის? როგორი იქნება პუტინის რეაქცია, თუ ისინი მას მხარს აღარ დაუჭერენ? – ეს შეკითხვები შესაძლოა მნიშვნელოვანი გახდეს იმის მიხედვით, როგორ გააძლიერებს პუტინი ზეწოლას საკუთარ მოსახლეობაზე, რომელსაც ომში საზარბაზნე ხორცის გაგზავნა აღარ სურს,“ – წერს ISW-ი.
ISW-ის სხვა მთავარი მიგნებები 20 ნოემბრისთვის:
- უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურები ე.წ. false flag ოპერაციას გეგმავენ ბელარუსის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რათა თავდასხმა უკრაინას დაჰბრალდეს და ბელარუსს ომში პირდაპირ ჩართვა აიძულონ.
- რუსული და უკრაინული წყაროები იუწყებოდნენ, რომ გრძელდებოდა ბრძოლები სვატოვო-კრემენაიას ხაზზე.
- უკრაინელმა სამხედრო ჩინოვნიკმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ, უკრაინის არმიამ ლუგანსკის ოლქში 12 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა;
- რუსეთის თავდაცვის ცნობით, რუსეთის არმიამ ლუგანსკის ოლქში უკრაინული არმიის თავშეყრის ადგილს დაარტყა. მანამდე უწყება ამბობდა, რომ მოიგერიეს უკრაინელთა შეტევები ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში. ეს განცხადებები შესაძლოა ადასტურებდეს, რომ უკრაინის დამცველები ლუგანსკში წინ მიიწევენ;
- რუსეთის ჯარები განაგრძობდნენ შეტევებს ბახმუტის, ავდეევკისა და დასავლეთ დონეცკის მიმართულებებზე;
- უკრაინის ოფიციალური პირები იუწყებიან, რომ რუსეთის არმიას თავისი დანაყოფები აღმოსავლეთ ხერსონიდან სხვა ოპერატიულ მიმართულებებზე გადაჰყავს, თუმცა არმიის მნიშვნელოვან ნაწილს ხერსონის ოლქის სამხრეთში ტოვებს;
- გაწვეული რეზერვისტებისა და მათი ახლობლების პროტესტის მიუხედავად, რუსეთის სარდლობა ფარულ მობილიზაციას განაგრძობს.






