23 ნოემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი LemON-ი გაიხსნება.

კინოფესტივალის  ორგანიზატორია „არტ საზოგადოება ლიმონარიუმი“. პარტნიორები – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი და ბათუმის დრამატული  თეატრი.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები.  წელს ფესტივალს დაემატა ერთი საკონკურსო სექცია. კერძოდ, სტუდენტური ფილმების კონკურსთან ერთად  დაწესდა სადებიუტო-პროფესიული  ფილმების საერთაშორისო კონკურსი.

ფესტივალი 23-28 ნოემბერს გაიმართება. კინოჩვენებები ხელოვნების უნივერსიტეტის დარბაზში დაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია. 

კინოფესტივალში  მონაწილეობს 47 კონკურსანტი 27 ქვეყნიდან: საქართველო, უკრაინა, დანია, გერმანია, შვედეთი, ამერიკა, კოლუმბია, ხორვატია/სერბეთი, საფრანგეთი, ჩილე, იემენი, ბრაზილია, რუმინეთი, მექსიკა, თურქეთი, მაროკო, სენეგალი, ტაივანი, ირანი, იაპონია, სერბეთი, ჰონგ კონგი, უნგრეთი, ყაზახეთი, კანადა, ლიეტუვა

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სადებიუტო და სტუდენტური  საკონკურსო ფილმების ჩვენებები – დილის და საღამოს სეანსები (24-25-26-27-28 ნოემბერი).

ასევე, საერთაშორისო ჟიურის წევრები ჩაატარებენ მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი კონკურსანტებისთვის.

ფესტივალის საერთაშორისო ჟიურის მიერ კონკურსანტების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბათუმის დრამატულ თეატრში, 28 ნოემბერს, 19:00 საათზე.

სტუდენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრები არიან: რუსუდან გლურჯიძე – რეჟისორი, საქართველო; ილეანა სტანკულესკუ – ფესტივალ სინედოკის ორგანიზატორი, რუმინეთი და ნიკონ რომანჩენკო, რეჟისორი, უკრაინა.

სადებიუტო ფილმების საერთაშორისო კონკურსის თავმჯდომარე ქართველი რეჟისორი ნანა ჯორჯაძეა. ჟიურის წევრები არიან: პეგა აჰანგარანი – მსახიობი და რეჟისორი, ირანი; გრანა მოუსავი – რეჟისორი, ავსტრალია; მალგოზლატა ინიელსკა – რეჟისორი, პოლონეთი; ირინა რომანჩენკო – რეჟისორი, უკრაინა.

ფესტივალის პარტნიორები და ფინანსური მხარდამჭერები არიან აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი.

კინოფესტივალი წელს მეორედ იმართება ბათუმში.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version