მთავარი,სიახლეები

ღარიბი ჯარისკაცების მდიდარი გენერალი – სუროვიკინს $2 მილიონის ქონება აღმოუჩინეს

21.10.2022
ღარიბი ჯარისკაცების მდიდარი გენერალი – სუროვიკინს $2 მილიონის ქონება აღმოუჩინეს

უკრაინაში რუსეთის ძალების ახალდანიშნული მთავარსარდალი $2-მილიონიანი ელიტური ქონების მფლობელი აღმოჩნდა, დოკუმენტების თანახმად კი, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლის (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, ხოლო მისმა ცოლმა – 19,7 მილიონის ($ 320 000).

როგორც გამოცემა Верстка წერს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შემოსავლები და ქონება გასაიდუმლოებული აქვს, თუმცა გამოცემის ჟურნალისტებმა მაინც მოახერხეს გაერკვიათ, რა ქონებას ფლობს რუსი გენერალი.

ირკვევა, რომ სუროვიკინს ქონების ნაწილი ცოლზე აქვს გაფორმებული. ჯერ კიდევ 2019 წელს ანა სუროვიკინა ფლობდა მიწის სამ  ნაკვეთს საერთო ფართობით 4,1 ათასი მ2, ბაღს – 1,5 ათასი მ2, სახლს – 685 მ2, წილს არასაცხოვრებელ შენობაში და სამ ბინას – 82 მ2,  107 მ2 და 288 მ2.

თავის დეკლარაციაში სუროვიკინს 288 მ2-ის ბინა აქვს მითითებული, თუმცა როგორც ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს, ეს არა ბინა, არამედ „დუბროვკის“ პრემიუმ-კლასის დასახლებაში მდებარე სახლია.

Верстка-ს ინფორმაციით, სუროვიკინის ოჯახის დანარჩენი ორი ბინაც მოსკოვის პრესტიჟულ უბნებში, ძვირადღირებულ ბიზნესკლასის კომპლექსებში მდებარეობს.

დეკლარაციის თანახმად, 2017-2019 წლებში სერგეი სუროვიკინმა 30,9 მილიონის რუბლი (დაახლოებით $ 500 000) შემოსავალი მიიღო, მისმა ცოლმა კი – 19,7 მილიონის ($ 320 000).

55 წლის გენერალი სერგეი სუროვიკინი უკრაინაში რუსეთის არმიის მეთაურად და „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ხელმძღვანელად 8 ოქტომბერს დაინიშნა. წარსულში ის ჩეჩნეთის მეორე ომში, ტაჯიკეთის შეიარაღებულ კონფლიქტსა და სირიის ომში მონაწილეობდა.

სირიის შემდეგ სუროვიკინს თავისი სისასტიკის გამო მეტსახელად „ალეპოს ყასაბი“ შეარქვეს. როგორც სამხედრო ექსპერტები აღნიშნავენ, ის რუსეთის არმიის „სტანდარტებისთვისაც“ კი გამორჩეულად კორუმპირებული და დაუნდობელი გენერალია.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: