ნეტგაზეთი • RU

პრიგოჟინის მზარდი პოპულარობა შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს – ISW

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) უკრაინის ქალაქების დაბომბვას „ფსიქოლოგიურ ტერორად“ აფასებს. დღევანდელ ანგარიშში ინსტიტუტის ანალიტიკოსები მიმოიხილავენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმებს, მოსკოვის თეირანთან ურთიერთობას, მობილიზაციის პროცესს და რუსულ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ დამფუძნებელთან დაკავშირებით დაწყებულ კამპანიას.

ISW-ის აზრით, „ვაგნერის“ დამფუძნებელი და პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ევგენი პრიგოჟინი „ძლიერი კაცის“ როლის მორგებას ცდილობს.

ანალიტიკოსები მიუთითებენ სოციალურ ქსელებში „ვაგნერის“ ფინანსისტისა და მასთან აფილირებული ბლოგერებისა და გვერდების გააქტიურებაზე და კამპანიაზე, რომელიც ავრცელებს მოსაზრებას, რომ ტრადიციული რუსული თავდაცვის ინსტიტუტები სულ უფრო არაეფექტიანია, ომის თანმდევმა სოციალურმა პრობლემებმა კი შესაძლოა კრემლის მმართველობა შეარყიოს.

„მიუხედავად იმისა, რომ პრიგოჟინი პირდაპირ არასდროს გამოდის პუტინის წინააღმდეგ და არ აკრიტიკებს მას, მისი მზარდი პოპულარობა ნაციონალისტურ საზოგადოებაში შესაძლოა არღვევდეს პუტინის, როგორც „ძლიერი კაცის“ იმიჯს. სოციალურ ქსელებში გაჩენილი დისკუსია რუსეთში შესაძლო სამოქალაქო ომის შესახებ, შესაძლოა კიდევ უფრო მეტად აზიანებდეს კრემლის ნარატივს რუსეთის შიგნით ნაციონალურ, ეთნიკურ და რელიგიურ ერთობაზე,“ –  წერენ ინსტიტუტის ანალიტიკოსები.

დღევანდელ ანგარიშში ISW-ი აღნიშნავს, რომ 17 ოქტომბერს რუსეთმა სარაკეტო თავდასხმის მორიგი სერია განახორციელა უკრაინის სამოქალაქო და ენერგოინფრასტრუქტურაზე და რუსეთის ამ ქმედებას „ფსიქოლოგიური ტერორი“ უწოდა:

„უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა საცხოვრებელ ინფრასტრუქტურაზე კიევში ადასტურებს იმ ტენდენციას, რომ რუსეთის ჯარებს ურჩევნიათ, ფსიქოლოგიური ტერორი განახორციელონ უკრაინაზე, ვიდრე წარმატებას მიაღწიონ ბრძოლის ველზე“.

ISW-ი თეირანისა და მოსკოვის ურთიერთობებზეც წერს და მაგალითად მოჰყავს The Washington Post-ის სტატია, რომელიც აშშ-ის უსაფრთხოების სამსახურებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თეირანი მოსკოვისთვის დრონების გარდა „მიწა-მიწა“ კლასის ირანული წარმოების რაკეტების გადაცემასაც გეგმავს.

ISW-ის ანგარიშის მთავარი მიგნებები:

  • რუსული წყაროები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ძალები განაგრძობდნენ კონტრშეტევას ხერსონის ოლქში;
  • რუსეთის ძალებმა სახმელეთო შეტევა მიიტანეს დონეცკის ოლქის გარკვეულ მონაკვეთებზე;
  • ზაპოროჟიეს ოლქში უკრაინის ძალები განაგრძობდნენ რუსეთის სამხედრო ცენტრებზე დარტყმებს;
  • რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ზომების მიღებას, რათა სრული კონტროლი დაამყაროს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე;
  • მოსკოვის ოფიციალურმა პირებმა უკვე გამოაცხადეს ნაწილობრივი მობილიზაციის დასრულების შესახებ დედაქალაქში.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.