მთავარი,სიახლეები

იზიუმში ვპოულობთ სხეულებს გაჩეხილი თავებით და მოჭრილი გენიტალიებით – შსს

20.09.2022
იზიუმში ვპოულობთ სხეულებს გაჩეხილი თავებით და მოჭრილი გენიტალიებით – შსს

ხარკოვის ოლქში უკრაინელებმა სრულად დაიკავეს და გაწმინდეს 118 დასახლებული პუნქტი, რომლებშიც დაახლოებით 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

„მხოლოდ ბოლო დღე-ღამეში დავამყარეთ კონტროლი 12 დასახლებულ პუნქტზე, იქ „წმენდის“ სამუშაოები ჯერ კიდევ გრძელდება,“ – განაცხადა ტელემარათონის ეთერში უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ევგენი ენინმა.

მისი თქმით, ხარკოვის ოლქის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე 19 სექტემბერს 50 სამოქალაქო პირის ცხედარი აღმოაჩინეს, დეოკუპაციის დაწყებიდან დღემდე კი 168 – კერძოდ რომელ დასახლებულ პუნქტებში, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არ დაუზუსტებია.

ენინის ინფორმაციით, იზიუმში სტიქიურ სასაფლაოზე აღმოჩენილი 48 სამარხიდან უკვე ექსჰუმირებულია 52 ადამიანის ცხედარი, მათ ნაწილს წამების კვალი ეტყობა.

„განვაგრძობთ იმ ცხედრების გამოვლენას, რომლებსაც ძალადობრივი სიკვდილის კვალი ეტყობა. ასეთი ცოტა არაა. ესაა დამტვრეული ნეკნები, გაჩეხილი თავები, კაცები შეკრული ხელებით, მოჭრილი გენიტალიებით,“ – ამბობს მინისტრის მოადგილე.

მისი თქმით, სტიქიური სასაფლაო, რომელიც იზიუმთან იპოვეს – ამ ქალაქში ერთადერთი არაა.

ხარკოვის ოლქის ტერიტორიაზე უკვე დარეგისტრირებულია 292 სამხედრო დანაშაული.

მოკლედ იზიუმის შესახებ:

რუსეთის არმია იზიუმიდან 10 სექტემბერს გაიქცა და სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა დატოვა.

15 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ იზიუმის დეოკუპაციის შემდეგ ქალაქში მასობრივი სამარხი იპოვეს.

19 სექტემბრის მონაცემებით, იზიუმის სამარხიდან ექსჰუმირებულია 146 ცხედარი, მათ შორის ქალები და ბავშვები, ასევე ადამიანები, რომლებსაც რუსი სამხედროები იქვე პოლიციის შენობაში აწამებდნენ.

გაერომ იზიუმში უკვე გაგზავნა სპეციალური ჯგუფი სამარხების შესასწავლად.

მთავარ ფოტოზე: მასობრივი სამარხი იზიუმში/ფოტო: Hromadske.ua

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: