
ჟიული შარტვას მემორიალი ბათუმში, გმირთა ხეივანში [იუსტიციის სახლის მიმდებარედ] დაიდგმება. მემორიალის დამზადება-მონტაჟის სამუშაოებს ბათუმის მერია ელექტრონული ტენდერით შეისყიდის. მაქსიმალური თანხა, რასაც მერია მემორიალში გადაიხდის 96 ათას 650 ლარია.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მემორიალის პროექტი მომზადებულია ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთის საფუძველზე [მემორიალის ავტორი: გ. შხვაცაბაია; არქიტექტორი: ე. კისელიოვი; კონსტრუქტორი: გ. ჭანკვეტაძე]. მემორიალის სიმაღლე 4,5 მეტრი იქნება.
მემორიალის სრული მოწყობა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 დღის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან. ტენდერში წინადადებების მიღება კი, მიმდინარე წლის 16 მაისს დასრულდება.
