მთავარი,სიახლეები

მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში

21.04.2022
მადონა კიევის მეტროდან – როგორ იქცა ბავშვიანი ქალის ფოტო ხატად ნეაპოლში

რუსეთის უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში, სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა მეძუძური ქალის ფოტო კიევის მეტროსადგურიდან, სადაც უკრაინელები საჰაერო თავდასხმისას აფარებდნენ თავს. ფოტოზე დაყრდნობით დაიხატა ნახატები, შემდეგ კი ხატი, რომელიც ახლა ნეაპოლის ერთ-ერთ ეკლესიაშია.

BBC-ს ცნობით, ბავშვიანი ქალი მეტროში კიეველი ტატიანა ბლიზნიაკია, მისი შვილი მარიჩკა ფოტოს გადაღების დროს სულ რაღაც ორი თვისაა. 25 თებერვალს, როდესაც კიევში საჰაერო განგაში დაიწყო, ტატიანა, მისი ქმარი მიხაილი, ბავშვი და ძაღლი ფიბი მეტროში ჩავიდნენ.

მეტროს კედელს მიყრდნობილი ტატიანას ფოტო, რომელიც ბავშვს კვებავს, გამოცემა Teleks-ის უნგრელმა ჟურნალისტმა, ანდრას ფელდეშმა გადაიღო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Földes András (@andras_foldes)

ფოტო მალე გახდა შთაგონების წყარო უკრაინელი ილუსტრატორისთვის, მარინა სოლომენნიკოვასთვის. მან ფოტო ინტერნეტში ნახა:

„ჩემს გონებაში უმალვე დალაგდა ნანახი და წაკითხული ფაზლის ნაწილები – ეს ქალი შვილთან ერთად იყო ყველა უკრაინელი დედის სიმბოლო,  რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაემალონ რუსულ იარაღს თავშესაფრებში”, – ამბობს მარინა BBC-სთან.

მარინამ ფოტოს მიხედვით დახატა ილუსტრაცია და ინსტაგრამზე დადო.

 

View this post on Instagram

 

A post shared by marinoss_art (@marinoss_art)

მარინას ილუსტრაცია ვატიკანის სამდივნოს საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტმა, ჯეიმს მარტინმა ტვიტერზე გამოაქვეყნა.

შარავანდედიანი ქალის ილუსტრაციას კიევის მადონა დაარქვეს.

BBC წერს, რომ ახლახან კიევის მადონა ნეაპოლის ეკლესიაში ხატად იქცა, მისი გამოსახულება ფრანცისკანელი დების სკოლის სამლოცველოშია.

ხატის ფოტო ფეისბუქზე უკრაინელმა იეზუიტმა მღვდელმა ვიაჩესლავ ოკუნმა გამოაქვეყნა, რომელიც ახლა რომში სწავლობს. ილუსტრაციის ხატად გარდაქმნა სწორედ მისი იდეა იყო.

ვიაჩესლავის თქმით, უკრაინელებისთვის, რომლებსაც ომის გამო მოუწიათ იძულებით გადაადგილება და ახლა იმყოფებიან იტალიაში ან ევროპის სხვა ქვეყნებში, მნიშვნელოვანია, რომ იქაც ჰქონდეთ რაღაც საკულტო და ნაცნობი უკრაინიდან.

მედიის ცნობით, კიევის მადონის პროტოტიპი, უკრაინელი ტატიანა ბლიზნიაკი, შვილთან ერთად, რომელიც ახლა უკვე თითქმის 4 თვისაა, ოჯახთან ერთად უსაფრთხოდაა დასავლეთ უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: