მთავარი,სიახლეები

ვინ იზრუნებს წლის და რვა თვის ბარბარეზე

21.03.2016 • 1343
ვინ იზრუნებს წლის და რვა თვის ბარბარეზე

ერთი წლის და რვა თვის ბარბარეს ამბავი იმ ბავშვების ამბავს არ ჰგავს, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ და დახმარება სჭირდებათ. გარდა იმისა, რომ ბარბარე სიღარიბეში ცხოვრობს, შესაძლოა ის ქუჩაშიც აღმოჩნდეს. დედასთან ერთად ორი ღამის გათევა ქუჩაში უკვე მოუწია.

ბარბარემ სიარული უკვე იცის და თავის ენაზე საუბრობს კიდეც. დედას ნათლიას ეძახის, რადგან მეტი დრო მას ნათლია ქეთისთან აქვს გატარებული და დედა ის ჰგონია. ბარბარე ნათლიამ ძიძის სახლიდან მას შემდეგ წაიყვანა, რაც თურქეთში სამუშაოდ წასულმა დედამ ძიძას ბავშვის მოვლისთვის შეთანხმებული თანხა ვერ გამოუგზავნა.
დედამ თურქეთში საკმაო ხანი დაჰყო, ცოტა ხნის წინ კი ის საქართველოში დაბრუნდა, ოღონდ უფულოდ. მას არც ბინის დაქირავების საშუალება აქვს და არც ბარბარესთვის საჭირო საკვების, ტანსაცმლისა თუ სხვა საჭირო ნივთების შეძენა შეუძლია.

როგორც თავად ყვება, ბარბარეს დედას, 25 წლის მარის, კიდევ ერთი შვილი ჰყავს, რომელიც მან ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ოფიციალური ქორწინების დროს გააჩინა. მარიმ ოჯახი 18 წლის ასაკში შექმნა და ორწლიანი თანაცხოვრების შემდეგ მეუღლეს დაშორდა: „პრობლემები გვქონდა, ამიტომ დავშორდი“. შემდეგ კი საქართველოს იმ რეგიონიდან, სადაც მანამდე ცხოვრობდა, ბათუმში ჩამოვიდა. აქ მას კიდევ ერთი შვილი – ბარბარე გაუჩნდა. ბიოლოგიურმა მამამ გოგონა შვილად არ აღიარა.

მარის თქმით, ის ბარბარეს მამასთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა და ვიდრე ერთად იყვნენ, მამაკაცი მას ფინანსურადაც ეხმარებოდა, შემდეგ კი დაშორდნენ. ორსულობის პერიოდში, რადგან წასასვლელი არსად ჰქონდა, მეგობარ გოგოსთან გადავიდა საცხოვრებლად. ამ მეგობრისთვისაც დედას ჰქონდა ბათუმში ბინა ნაქირავები. „ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. ორსულობის რვა თვემდე ვმუშაობდი. შემდეგ მეგობრის დედა სამუშაოდ ახალქალაქში გადავიდა, ჩვენც გავყევით, იქ ვიმშობიარე. მეგობრის დედა ყურადღებას არ მაკლებდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ ერთ თვეში ისევ ბათუმში დავბრუნდი. სამუშაო მჭირდებოდა, ბავშვს ძიძა ავუყვანე“, – ამბობს ახალგაზრდა ქალი, „ჩემმა მშობლებმა ჩემი უმცროსი შვილი იმის გამო არ მიიღეს, რომ ქორწინების გარეშე გავაჩინე“.
ქალი შვილთან ერთად ახლა ერთ ოთახში ცხოვრობს, რომელიც ქირით აქვს აღებული. „ერთი თვე გავიდა, მაგრამ ქირა არ მაქვს გადახდილი. ალბათ ვერც გადავიხდი. სავარაუდოდ, ორ დღეში მეპატრონე გარეთ გამომაგდებს“ , – ამბობს მარი.

IMG_7032

ბარბარეს დედა ყვება, რომ ბათუმში ყველა სასტუმრო და სხვა დაწესებულებები მოიარა, მაგრამ სამუშაო ვერსად იპოვა, ამიტომ ისევ თურქეთში გეგმავს სამუშაოდ წასვლას: „იქედან ისე წამოვედი, რომ ნამუშევარი თანხა ვერ ავიღე. იქ თუ არ ჩავალ, იმ ფულს დავკარგავ.“

პრობლემა კი იმაშია, რომ ნათლია ქეთი ბავშვს ვეღარ იტოვებს, რადგან მას შესაბამისი პირობები არ აქვს: `ამ დრომდე ბავშვი მე მყავდა, სხვა გამოსავალი არ მქონდა, გარეთ ხომ არ დავტოვებდი. მაგრამ, როგორ და რა პირობებში ვცხოვრობ რომ იცოდეთ, ჩემთან ბავშვის დატოვებას ალბათ არავინ მოინდომებდა… იატაკიც კი არ გვაქვს – ცემეტზე ვცხოვრობთ, თანაც სახლში ავადმყოფი მამა და მამიდა მყავს.“
ბარბარეს დედამ არც სახელმწიფო პროგრამა – ბავშვის მინდობით აღზრდის შესახებ იცის რამე და არც იმ სახელმწიფო პროგრამებზე ფლობს ინფორმაციას, რომლის ფარგლებშიც მარტოხელა დედას ბავშვის აღზრდის პროცესში ეხმარებიან. ამბობს, რომ ბავშვის მისთვის უცხო პირთან დატოვება არ უნდა, თუმცა სამუშაო აუცილებლად სჭირდება, ამიტომაც უკვე გადაწყვეტილია, “ ბავშვს დატოვებს და თურქეთში წავა, ოღონდ ჯერ არ იცის, ვისთან უნდა დატოვოს ბარბარე.

ბარბარეს ნათლიას ინფორმაციით, პატარას ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს: „ექიმთან მყავდა, მითხრეს, რომ ბავშვს მკურნალობა სჭირდება, მაგრამ მე ამის საშუალება არ მქონდა. არც ვინმე მედგა გვერდით, რომ დამხმარებოდა.“

„ბათუმელები“ სოციალური მომს¬ახურების სააგენტოს დაუკავშირდა. აგენტებმა ბავშვის დედასთან მუშაობა დაიწყეს – სავარაუდოდ, დედას ბავშვის მინდობით პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარ ოჯახში გადაიყვანენ. უცნობია, ეს ბენეფიციარი შეიძლება იყოს თუ არა ბავშვის ნათლიაც.
მინდობითი პროგრამის ფარგლებში ოჯახი, რომელიც ბარბარეზე იზრუნებს, ყოველთვიურად 450 ლარს მიიღებს.
ბარბარეს დედას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

სტატია გაზეთ ბათუმელების (#7) 14- 20 მარტის ნომერში გამოქვეყნდა, ამ დროსათვის ბარბარე უკვე მინდობის პროგრამის ფარგლებში ოჯახშია დაბინავებული და მას დედა ყოველდღე ნახულობს.

გადაბეჭდვის წესი