საქართველოს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინაში საომარი მდგომარეობით შექმნილი საგანგებო სიტუაციიდან გამომდინარე, უკრაინელი მფლობელების მიმართ საბაჟო ფორმალობების აღსრულებაზე შეღავათები დაწესდა.
„ავტოიმპორტიორებთან და შსს მომსახურების სააგენტოსთან კონსულტაციების შედეგად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინაში ავტომობილების იმპორტიორთა ხელშეწყობის და საქონლის გატანის ვადების დარღვევასთან დაკავშირებული საბაჟო პასუხისმგებლობისაგან მათი გათავისუფლების შესახებ.
საკითხი შეეხება მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოდან უკრაინის დანიშნულებით რეექსპორტში დეკლარირებული ავტომობილების მფლობელებს, რომლებიც შექმნილი მდგომარეობის გამო ვერ ახერხებენ ავტომობილების გაყვანას კანონმდებლობით დადგენილ 45-დღიან ვადაში.“ – აცხადებს შემოსავლების სამსახური.
ამ ეტაპზე, სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო სამართალდარღვევისთვის კუთვნილი სანქციისგან გათავისუფლდება 100 ერთეულზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი.
რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპარატისტული დონბასისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად რუსეთის წინააღმდეგ ჰააგის სასამართლოს მიმართა.
ამავე თემაზე:
დაჯარიმდებით თუ ავტომანქანას დროულად არ განაბაჟებთ ან ნაწილებად გაყიდით