უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მეხუთე დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები მოსახლეობას მოუწოდებს, როგორ მოიპოვონ იარაღი, როგორ დაეხმარონ უკრაინულ ჯარს და როგორ გაავრცელონ ინფორმაცია.
- „გააგრძელეთ უკრაინული არმიის მხარდაჭერა სურსათით, ადგილზე წინააღმდეგობის გაწევით და ინფორმაციის გავრცელებით.
- გაერთიანდით და დაეხმარეთ ერთმანეთს ოკუპანტების დაბომბვებისა და სხვა ტიპის ტერორისტული თავდასხმების შედეგების დაძლევაში.
- გაავრცელეთ ჩვენი ოფიციალური გვერდიდან ინფორმაცია, მოუყევით რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაშაულების შესახებ ნაცნობებსა და ახლობლებს, როგორც რუსეთში, ასევე დასავლეთში.
- ადგილობრივი ადმინისტრაციების თავმჯდომარეებისა და ტერიტორიული თავდაცვის ხელმძღვანელებისგან მიიღებთ დემორალიზებული მტრისთვის ჩამორთმეულ იარაღს, გამოიყენეთ ის ეროვნული წინააღმდეგობისთვის.
- ისტორიკოსებო და მასწავლებლებო, განადგურებული ტექნიკის და მტრის საბრძოლო საშუალებების ნარჩენებისგან მოაწყვეთ ღია მუზეუმები და ინსტალაციები. მოაწყვეთ კუთხეები სკოლებში რუსეთის დანაშაულების სადემონსტრაციოდ.
- ძმებო და დებო, ჩვენ უკვე ისტორიაში ვართ. უკრაინა ახლა მთელი მსოფლიოსთვის სიმტკიცის და გმირობის სიმბოლოა“ – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაში.
დღეს, 28 თებერვალს, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა კიევის მცხოვრებლებს ქალაქის დასატოვებლად უსაფრთხო დერეფანი შესთავაზა – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული CNN-ი და რუსული მედია ავრცელებს.
უკრაინის ასობით მოქალაქე ავრცელებს ვიდეოკადრებს იმის შესახებ, რომ დედაქალაქის დაცვაში მონაწილეობას იღებს.
_______________
ფოტოზე: უკრაინა, კიევი. რუსეთის თავდასხმის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსი.