მთავარი,სიახლეები

ბათუმელი გოგო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა: ასე არსად მიგრძნია, რომ ცოცხალი ვარ

20.10.2021 • 5846
ბათუმელი გოგო, რომელიც მყინვარწვერზე ავიდა: ასე არსად მიგრძნია, რომ ცოცხალი ვარ

„გერგეთის ტაძრიდან იწყება მყინვარწვერისკენ მიმავალი გზა… 6 საათი ივლი ფეხით და მეტეოსადგურთან გაჩერდები, აკლიმატიზაცია უნდა გაიარო. საღამოს რვაზე იძინებ და დაახლოებით ღამის ორზე იღვიძებ, რადგან დროზე უნდა გაუყვე გზას მწვერვალისკენ“, – მყინვარწვერზე ასვლას იხსენებს თამთა აბუსელიძე, რომელიც ამ ზაფხულს, ივლისში, მეორედ ავიდა მყინვარწვერზე.

ამჯერად თამთა თეთნულდის შესაგრძნობად ემზადება.

მანამდე თამთა აბუსელიძე იმ ადამიანების გაერთიანებას აპირებს, ვისაც ასევე ახარებს მთაზე ასვლა და კლდეზე ცოცვა – ამ შაბათს სოფიო ჭელიძესთან და კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად თამთა აბუსელიძე მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის გახსნას გეგმავს ჭიათურაში, სოფელ ხრეითში. ამ სოფელში საქართველოში პირველი მეკლდეური ქალი – ალექსანდრა ჯაფარიძე ცხოვრობდა. იმედი აქვს, რომ ამ ამბით მედიას დააინტერესებს.

„მერე გათენებამდე გადიხარ უკვე აღჭურვილობით: წრიაპები, წერაყინი, თოკი აუცილებლად, ჩაფხუტი, სათვალე…“ – განაგრძობს თამთა და სათითაოდ, ყურადღებით თვლის ყველა ნივთს, რაც მყინვარზე ასასვლელად არის საჭირო და არ უნდა გამოგრჩეს რომელიმე. – „გზად ერთი ადგილია, ხმაურას ეძახიან, ქვები ცვივა და ამიტომ ეძახიან ხმაურას, ძალიან საფრთხილო ადგილია. ამიტომაც უნდა გახვიდე ღამე, ვიდრე გაყინულია, ამ დროს ქვები არ დაიშლება.

ხმაურას რომ მშვიდობიანად ჩაივლი, მერე უნდა იარო თოვლში, გზა ნაპრალებითაა სავსე. იქ უკვე მთავარია იცოდე, როგორ შეამოწმო წინასწარ, სად შეიძლება დადგა ნაბიჯი მყარად, რომ მშვიდობით ახვიდე მწვერვალზე.

რა შეგრძნებაა მწვერვალზე ყოფნა? – სიამაყის შეგრძნებაა ან კიდევ სხვა სიხარულის… დაბრკოლებები რომ გადალახე, ალბათ, ეს შეგრძნებაა ყველაზე გასახარი. ცხოვრებაც ხომ ესაა, დაბრკოლებების გადალახვა? … არა, ზუსტად მაინც ვერ აღწერ, რა არის მწვერვალზე ყოფნა, ისევე, როგორც ბევრ კითხვაზე არ გვაქვს პასუხი, მაგალითად, ხომ ვერ მეტყვი, რატომ ხარ შეყვარებული?“ – მწვერვალზე ყოფნის ემოციაც გაგვიზიარა ახალგაზრდა მთამსვლელმა.

თამთა აბუსელიძე პროფესიით იურისტია, თუმცა წლებია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ადმინისტრაციაში მუშაობს. იგი ამბობს, რომ წლების წინ ვერც კი წარმოიდგენდა, მთამსვლელობა და კლდეზე ცოცვა თუ ასე გაიტაცებდა და რადიკალურად შეიცვლებოდა მისი ცხოვრება.

ერთ ზაფხულს, მორიგი ლაშქრობის დროს, თამთას სხვების გაღვიძებამდე გამოუხედავს კარვიდან ყაზბეგის ჭაუხებისკენ და მიმხვდარა, რომ არც ერთი კლდე არ იყო ზედმეტი, რომ ერთიც თუ გამოაკლდებოდა, ბუნების ჰარმონია დაირღვეოდა. მაშინ თამთას არც კი უფიქრია, რომ მთამსვლელობას დაიწყებდა, ან კლდეზე ცოცვას, მაგრამ იგრძნო, რამდენად შთამბეჭდავი შეიძლება იყოს მწვერვალისკენ მიმავალი თოვლიანი გზების გავლა.

„აი, ერთ დღესაც იმ მთაზე ავალ, რომელიც ყველაზე მაღალია,“ – უთქვამს ღიმილით მეგობრებისთვის მაშინ თამთას ისე, რომ არც კი იცოდა, ადამიანები იმ თოვლიან ქარაფებზე თუ ადიოდნენ საერთოდ.

და ერთ დღესაც თამთა მყინვარწვერზე ავიდა.

„გზაში დაბრუნება მომინდა, ვიტირე კიდეც, ძალიან შემეშინდა, ორივე მხარეს უფსკრული იყო, ორივე მხარეს ქარაფი. ვფიქრობდი, რომ აქ ალბათ ჩავიკარგები ისე, რომ ვერასდროს ვეღარავინ მნახავს-მეთქი,“ – კამერონის მთაზე გადასვლას იხსენებს თამთა, სადაც პირველად თოკზე ჩაიბეს მასთან შედარებით გამოცდილმა მთამსვლელებმა. თამთას დაკვირვებით, დამწყები მთამსვლელი მეტად გაბედულია, ვიდრე გამოცდილი, თუმცა როცა უფსკრულისპირას დგები, დაბრუნება გინდა, ან კიდევ:

„კულუარიდან დამრეც ფერდზე მოვწყდი საერთოდ ორჯერ, სხვებმა დამიჭირეს და გადამარჩინეს,“ – უჭირს ამ ემოციის გახსენება თამთას და დასძენს, ახლა იმავე ცოდნით და აღჭურვილობით მყინვარწვერზე არ წავიდოდა. წინა ზამთარს თამთას და სოფიო ჭელიძეს მასწავლებელთან – გუგა დაბრუნდაშვილთან დაუწყიათ მომზადება იმ პირობით, რომ ზაფხულში მხოლოდ ქალები წავიდოდნენ დამოუკიდებლად მწვერვალებისკენ.

„დამწყები ადამიანებისთვის არ არის სკოლა, სადაც შეიძლება საბაზისო ცოდნა მიიღო ამ კუთხით, არც დაფინანსების წყაროებია ჯერ, ოფისიც არ გვაქვს, მაგრამ როცა ბოტანიკურ ბაღში გავედი ბუნებრივ კლდეზე ცოცვის უკეთ ასათვისებლად, იქ გავიცანი და დავუახლოვდი ადამიანებს, რომლებსაც მთა ძალიან უყვართ, ვისაც განცდილი აქვს ის, თუ როგორ გცვლის და გზრდის მთა.

ეს ისეთი მომენტია, როცა აუცილებლად გინდა უკან დაბრუნება…

თამთა აბუსელიძე, ჭაუხის მასივი, მწვერვალი თიკანაძე

 

ამიტომაც გადავწყვიტეთ კლუბის შექმნა, რომ ჩვენი ცოდნა გავუზიაროთ სხვებს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს ეს სიამოვნება – ხელახლა აღმოაჩინო საკუთარი თავი,“ – გვიყვება თამთა აბუსელიძე.

მთამსვლელ და მეკლდეურ ქალთა კლუბის მიზანია ასევე გენდერული თანასწორობის იდეის მხარდაჭერა. კლდეზე ცოცვის ხელოვნებაზე საუბრის დროს თამთა ხაზს უსვამს იმას, რომ ამ დრომდე საქართველოში კლდეზე ცოცვის საუკეთესო მაჩვენებელი ქალს აქვს – ანა დულარიძეს.

მთამსვლელ ქალთა კლუბში უკვე 26 წევრია. თამთა აბუსელიძე ამბობს, რომ კლუბში კიდევ ბევრი ქალი გამოჩნდება, რომლებიც, მაგალითად, ამ ზამთარს გაყინული გველეთის ჩანჩქერზე ივარჯიშებენ და მერე ერთად თეთნულდზეც ავლენ.

„მნიშვნელოვანია როგორც ფსიქოლოგიური მზაობა, ასევე ტექნიკური ცოდნა: როგორ დადგე სწორად დაცვაზე, როგორ გამოიყენო, მაგალითად, ექსპრესი და ჩააგდო თოკი სწორად, შემდეგ დაშვებისას გართულება რომ არ მოჰყვეს. მთაში განსაკუთრებით მძაფრდება სხვებზე ზრუნვა, ჯგუფზე ფიქრი, აქ მარტო არ ხარ,“ – ამბობს თამთა.

ყინულიან კლდეებზე ცოცვისას თამთამ დაინახა, რომ არა მხოლოდ თვითონ ყოფილა განსხვავებული.

„ბარში იოლია შეფუთვა, მთა რეალურად განახებს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. მიმღებლობის შეგრძნებებიც  გიმძაფრდება.

მთა გაჩვენებს, რა არის შენი რეალური ემოციები, ვინ ხარ და მთა გასწავლის ემოციების გამოხატვა როდის არის სწორი,“ – მწვერვალების გზებზე ნაფიქრს გვიზიარებს თამთა და კიდევ რამდენიმე საინტერესო შემთხვევას იხსენებს:

„ამ ზაფხულს ოთხი გოგო წავედით ერთად ჭაუხებში, ასათიანზე. ორი საერთოდ გამოუცდელი იყო, არასწორ ადგილას დავუშვით თოკი და გაგვეჭედა… ქარი იყო და ხმასაც ვეღარ ვაწვდიდით ერთმანეთს, რაცია არ იჭერდა, არც ტელეფონი. დაახლოებით სამი საათი ვიყავით ასე.

მერე სადგური დავტოვე და ქვემოთ ჩავედი, რომ ხმა მიმეწვდინა სხვებისთვის, საბოლოოდ, სხვები დაეშვნენ და მე ბოლოს დავეშვი, მაგრამ თოკის დატოვება მოგვიწია. ეს იმას ნიშნავდა, რომ შემდეგი რთული მონაკვეთი უკვე თოკის გარეშე უნდა ჩავსულიყავით. ძალა მოვიკრიბე და ერთმანეთს ვაგულიანებდით, შფოთი მქონდა შინაგანად, მაგრამ ამას არ გამოვხატავდი, მივხვდი, რომ, პირველ რიგში, ეს იყო საჭირო,“ – გვიყვება თამთა, რომელმაც დაღმართის ჩამოვლის დროს იგრძნო, რამდენი რამ და რეალურად რა შეცვალა მასში მწვერვალებზე ასვლამ.

ამ დროს დაინახა, რომ მორიგი საფრთხის წინაშე უკვე პანიკაში კი არ ჩავარდა, როგორც პირველად, როცა აღმოჩნდა უფსკრულის პირისპირ, არამედ წინააღმდეგობის გადალახვის შესაძლებლობა დაინახა.

„მთამ დამანახა, რომ სხვადასხვა რამეა „რისკიანი“ და „გამბედავი“. გამბედავმა იცის, რომ საფრთხე არსებობს, მაგრამ თუკი გონივრულად მიუდგები, შესაძლებელია წინააღმდეგობის გადალახვა. რისკიანი კი, საფრთხეში მოყოლის ძალიან დიდ ალბათობას უშვებს,“ – შენიშნავს თამთა.

რა არის განსაკუთრებულად შთამბეჭდავი მთაზე ასვლის დროს? – ვეკითხებით თამთას. ის დაუფიქრებლად გვპასუხობს, რომ ეს „მწვანეში დაბრუნებაა“, ანუ როცა უკვე უსაფრთხო ადგილზე ხარ.

„ჩვენ მწვერვალზე არ გამოვხატავთ ემოციებს, ვერც სიხარულს გამოხატავ იქ… მიზანი არის არა მწვერვალზე ასვლა, არამედ უკან მშვიდობიანად დაბრუნება. მთაში ემოციების გამოხატვის ადგილი არ არის. აი, როცა ბრუნდები მწვანე მდელოზე, მერე რამდენიც გინდა იხარე, იტირე, იცინე…“ – გვიყვება თამთა აბუსელიძე.

რა დრო სჭირდება ამ ემოციების მიღებას, მაგალითად, მყინვარწვერზე ასვლას? – თამთა განმარტავს, რომ მყინვარწვერისთვის დაახლოებით 5 დღეა საჭირო. უშუალოდ მეტეოსადგურიდან მწვერვალზე ასვლას და დაბრუნებას კი, დაახლოებით 12 საათი სჭირდება.

„დაღმართში, ბუნებრივია, უფრო იოლად ჩამოდიხარ, თან აკლიმატიზაცია გავლილი გაქვს,“ – ამბობს თამთა და შენიშნავს, რომ ფრაზას „მწვერვალის დაპრყობას“ არასდროს ამბობს.

„უხერხულია რაღაცნაირად, უსიამოვნო. ჩემზე რომ ვიღაცამ თქვას, დავიპყარიო, ხომ არ მომეწონება? ასეა მწვერვალიც, ხელშესახებია, როგორც ადამიანი. ჩვენ ვამბობთ ასე: „მწვერვალზე ავედით“ და „მწვერვალიდან ჩამოვედით“.

და ეს ყველაზე მეტად სიცოცხლის მძაფრი განცდაა, რადგან არსად ასე არ მიგრძნია, რომ ცოცხალი ვარ.

მიფიქრია ზოგჯერ, რომ ამ დროს შემეძლო უბრალოდ ქალაქში ვყოფილიყავი და ნაყინი მეჭამა, ან სადმე წავსულიყავი ფართიზე, მაგრამ ვერსად იპოვი ბედნიერების იმ განსაკუთრებულ შეგრძნებას, რასაც შიშგამოვლილი და დაღლილი იგრძნობ კლდის შვერილზე ჩამოჯდომის დროს.

მხოლოდ იქ იგრძნობ, რა არის ნამდვილი შეგრძნებები,“ – ასრულებს თამთა აბუსელიძე.

თამთა აბუსელიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: