Batumelebi | რატომ ვერ „ასრულებენ ნაცებს“ -„ოცნების“ უცვლელი დაპირების პერსპექტივა რატომ ვერ „ასრულებენ ნაცებს“ -„ოცნების“ უცვლელი დაპირების პერსპექტივა – Batumelebi
RU | GE  

რატომ ვერ „ასრულებენ ნაცებს“ -„ოცნების“ უცვლელი დაპირების პერსპექტივა

„გარდა იმისა, რომ სახიფათოა, ეს უფრო სისულელე არის,“ – ასე აფასებს პოლიტოლოგი ლევან ცუცქირიძე „ქართული ოცნების“ მხრიდან დაპირების გააქტიურებას, რასაც 9 წელი ახმოვანებს მმართველი პოლიტიკური პარტია ყველა არჩევნების წინ – „დავასრულოთ ნაცები“. მას ვესაუბრეთ, თუ რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ამჯერად „ოცნებისგან“ კიდევ ერთხელ „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე აქცენტი.

არჩევნების შედეგები წლების განმავლობაში აჩვენებს, რომ ამომრჩევლის დაკვეთა არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური გაქრობა. 2021 წლის არჩევნებზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქვეყნის მასშტაბით 541 188 ხმა მიიღო [30.67 პროცენტი] მიიღო, 2020 წელს – 523 127 ათასი [27.18 პროცენტი], 2017 წელს – 256 547 [17.08 პროცენტი]. ეს ციფრები აჩვენებს იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი მზარდია.

არჩევნების სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ „ქართული ოცნების“ სტატისტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობის წინა ანუ 2017 წლის არჩევნებთან შედარებით 55 პროცენტიდან 46 პროცენტამდე შემცირდა.

„დავასრულოთ ნაციონალები“ – ამ სლოგანით ვიდეოკლიპი „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე 18 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„ნაციონალური მოძრაობის“ განადგურება ირაკლი ღარიბაშვილის განსაკუთრებული ამოცანაა. ხელისუფლებაში დაბრუნებიდან 8 წლისთავზეც ანუ 2020 წელს თავდაცვის მინისტრის რანგშიც ღარიბაშვილმა „ნაციონალების გაუქმება“ დაისახა მიზნად.

19 ოქტომბერს ბათუმში ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ ამბობს, რომ ის ყველას პრემიერია, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ დასრულებაზე საუბრობს, ამ დროს კი, დაახლოებით ნახევარი მილიონი ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს?

„მათ ჯერ კიდევ სჯერათ სააკაშვილის დემაგოგიის და სიცრუის, ამაზე გვაქვს საუბარი, რომ ეს ორგანიზაცია, როგორც სიბოროტის ჩამდენი, უნდა დასრულდეს. პოლიტიკურად უნდა განულდეს,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რამდენად სანდოა ამომრჩევლისთვის დაპირება, რომელსაც მას მმართველი პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-9 წლისთავზეც უმეორებს?

„ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული და ძალიან სამწუხაროა, რომ ასე უყურებენ პოლიტიკოსები ამომრჩეველს საქართველოში, როცა 9 წლის შემდეგაც მმართველ პოლიტიკურ ძალას სხვა არაფერი გაქვს შესათავაზებელი საზოგადოებისთვის,“ – განსაკუთრებულ პოლიტიკურ ამოცანას „ოცნების“ წინასაარჩევნო გზავნილში ვერ ხედავს ლევან ცუცქირიძე, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორი. მისი აზრით, ეს გზავნილი ბოლო პერიოდის სახელისუფლებო ტენდენციის გაგრძელებაა – „ძალაუფლების შენარჩუნების სახიფათო მცდელობა ავტორიტარიზმის მკაფიო ნიშნებით“.

„ეს დაპირება აბსოლუტურად არარეალისტურია იმ პირობებში, როცა „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს ასეულობით ათასი მოქალაქის მხარდაჭერა და ეს შეუძლებელია რეპრესიის, ანტიდემოკრატიული ძალისხმევის, სამოქალაქო დაპირისპირების გარეშე,“ – გვიყვება ლევან ცუცქირიძე.

პოლიტოლოგს ასევე ვკითხეთ, ხომ არ იზრდება „ოცნების“ დაპირების შესრულების ალბათობა, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი – მიხეილ სააკაშვილი უკვე ციხეშია?

„ამის სურვილი, ბუნებრივია, „ოცნებას“ აქვს, მაგრამ დღეს ამის რესურსი მმართველ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია. მე დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში არც ერთ მთავრობას, „ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში, თუ სხვა პარტია, არ მიეცემა მსგავსი შესაძლებლობა, რომ გააუქმოს პარტია, ანუ რეპრესიები მოაწყოს. ეს არის რისკი ავტორიტარიზმისკენ მსვლელობის და შესაძლოა კრახით დასრულდეს. მე უფრო ამის მჯერა,“ – მიიჩნევს ლევან ცუცქირიძე და ელოდება, რომ ახლა სამოქალაქო საზოგადოებას განსაკუთრებული გამოწვევა აქვს საქართველოში.

„ერთია, რას გადაწყვეტს ღარიბაშვილი და მეორეა, რა სურს საზოგადოებას. ღარიბაშვილს სურს, რომ გაჩუმდეს კრიტიკული მედია, დაასუსტოს ოპოზიციური პარტიები, მაგრამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არის პლურალისტური გარემო… გარდა ამისა, ჩვენ არ ვართ იზოლირებული სახელმწიფო, რომელსაც არავისთან კავშირი არ აქვს…. ამ პროცესთან გამკლავება მოგვიწევს ჩვენ, რაც იოლი არ არის,“ – გვითხრა ლევან ცუცქირიძემ.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/570422/

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი