„თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს“ – ამ მოთხოვნაზე ხელმოწერების შეგროვება ბათუმში დაიწყო. ხელმოწერებს საზოგადოებრივი მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ აგროვებს.

„მძიმე ეკონომიკურ ვითარებას ემატება სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიზება. სასამართლო იქცა ივანიშვილის ნოტარიუსად, უსაფრთხოების სამსახური – საბჭოთა „კაგებედ“, პროკურატურა – მთავრობის დანამატად; გაბატონდა რუსული სტილის შერჩევითი სამართალი, განსხვავებული აზრის დევნა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ხელისუფლება ცდილობს თავის ნება-სურვილს დაუქვემდებაროს ამა თუ იმ პირის პოლიტიკაში ყოფნის საკითხი, რის ნათელი მაგალითიცაა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება აბსურდული  ბრალდებებით. უკვე აღარც მალავენ, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი,“ – წერია განცხადებაში, რომელსაც მოქალაქეები ხელს აწერენ.

ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაზე ბათუმში ხელი არ მოუწერიათ სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

„ეს არის ზეწოლის ერთ-ერთი ბერკეტი, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ  ხელი აიღოს უკანონო გადაწყვეტილების აღსრულების პროცესზე,“ – ამბობს კახა მიქელაძე, მოძრაობა „თავისუფლება მიშას“ ხელმძღვანელი ბათუმში.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქცია ხვალ, 14 ოქტომბერს, გაიმართება თბილისში.

____________________________________

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების შემდეგ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო და, როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ამის გამო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულდება.

 

Exit mobile version