მთავარი,სიახლეები

სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

30.09.2021 • 1014
სამსახურთან დაკავშირებული მიზეზებით ყოველწლიურად  2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

ჯანმოს და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ერთობლივი შეფასებით, 2016 წელს სამუშაოებთან დაკავშირებული დაავადებები და დაზიანებები გახდა მსოფლიოში 1.9 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი.

გლობალური მონიტორინგის ანგარიშის თანახმად, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა, სამსახურთან დაკავშირებული სიკვდილის უმეტესობა გამოწვეული იყო რესპირატორული და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით.

ჯანმოს სტატისტიკური მონაცემებით, სამსახურთან დაკავშირებულ გარდაცვალებათა მიზეზებში არაგადამდები დაავადებების წილი 81%-ს შეადგენს. სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი იყო: ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (450 000 სიკვდილი); ინსულტი (400 000 სიკვდილი) და გულის იშემიური დაავადება (350 000 გარდაცვალება).

პროფესიული დაზიანებების შედეგად დაიღუპა 19% (360,000 გარდაცვალება).

კვლევაში დასახელებულია 19 პროფესიული რისკი, მათ შორის: ხანგრძლივი სამუშაო საათები და სამუშაო ადგილზე ჰაერის დაბინძურება, კარცეროგენები, ფიზიკური დაზიანების რისკ-ფაქტორები და ხმაური.

მთავარი რისკი იყო ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედება, რომელსაც უკავშირდება დაახლოებით 750 000 სიკვდილი. სამუშაო ადგილზე ჰაერის დაბინძურებამ (ნაწილაკები, გაზები და კვამლი) გამოიწვია 450 000 სიკვდილი.

თითოეულ რისკ-ფაქტორს აქვს პრევენციული ღონისძიებების უნიკალური ნაკრები, რომლებიც მონიტორინგის ანგარიშშია აღწერილი. მაგალითად, ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედების პრევენცია მოითხოვს სამუშაო დროის ლიმიტზე შეთანხმებას; სამუშაო ადგილის ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად რეკომენდებულია მტვრის კონტროლი, ვენტილაცია და პირადი დამცავი აღჭურვილობა.

183 ქვეყნის მონაცემებში, რომელშიც ასახულია ხანგრძლივი სამუშაო საათებით გამოწვეული ინფარქტებისა და ინსულტებით შრომისუნარდაკარგული და დაღუპული მოსახლეობის პროცენტული წილი, საქართველო არც ისე დაბალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი.

ინფოგრაფიკაზე ჩანს გულის იშემიური დაავადებით გარდაცვალების მაჩვენებელი, რომელიც გამოწვეული იყო ხანგრძლივი სამუშაო საათების ზემოქმედებით (≥55 საათი/კვირა). საქართველოს მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე – 12.2 – 15.3

სამუშაოსთან დაკავშირებული გარდაცვალება მაღალია მამაკაცებში და 54 წელზე მეტი ასაკის ადამიანებში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ სამუშაოსთან დაკავშირებული დაავადების საერთო ტვირთი, სავარაუდოდ, გაცილებით დიდია, ამდენად სხვა პროფესიული რისკ-ფაქტორებისგან ჯანმრთელობის დაზიანება მომავალში მაინც უნდა იქნას დაანგარიშებული.

საქართველოში მხოლოდ 2020 წელს, შრომის უსაფრთხოების ნორმების არასათანადოდ დაცვის გამო, სამუშაო ადგილზე დაიღუპა 39 და დაშავდა 249 ადამიანი. მათ რიცხვში არ შედიან ის ადამიანები, რომლებიც სამუშაო ადგილზე სხვა პროფესიული რისკების ზემოქმედების შედეგად დაავადდნენ ან დაიღუპნენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: