საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, პირველ სექტემბერს, ჟურნალისტებთან ისაუბრა 75 მილიონი ევროს ფინანსურ დახმარებაზე, რის მიღებაზეც საქართველომ გუშინ უარი განაცხადა.
თუმცა გუშინ ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა განაცხადა, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა, კერძოდ – გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორი სასამართლო ჩაიბარა „ქართულმა ოცნებამ“, ჩვენ მას შემდეგ არაერთი და ხელშესახები რეალური რეფორმა განვახორციელეთ. 4 ტალღა სასამართლო რეფორმის, რამაც რეალურად გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული გახადა და გახსნა მთლიანად ეს სისტემა.
ამას გარდა, მინდა ყველას შევახსენო, რომ საქართველოს სასამართლოს დღეს არსებული სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების სახელმწიფოების სასამართლო სისტემას. ყველა კვლევით დასტურდება ეს, მათ შორის ევროკავშირის გამოკითხვებით და ძალიან მაღალი რეიტინგული ორგანიზაციების კვლევების შედეგად დასტურდება ეს“, – ამბობს ღარიბაშვილი.
მისი თქმით, მთავრობა რეფორმებს აგრძელებს. „ამ რეფორმებს ბოლომდე მივიყვანთ,“ – ამბობს ის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე გააკრიტიკა ევროპარლამენტარები და თქვა, რომ ისინი მისი უფროსები არ არიან და აკეთებენ ზედაპირულ განცხადებებს.