თბილისსა და ბათუმში დღეს, 11 ივლისს, 6 საათზე აქციები დაიწყო ლექსო ლაშქარავას სიკვდილის გასაპროტესტებლად.

დღეს დილიდან არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ითხოვენ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

საქართველოში მოქმედი 70-ზე მეტი მედიასაშუალება კი მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს, ჰქონდეთ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება საქართველოში მედიის მიზანმიმართულ დევნაზე, ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობაზე.

აქციის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე შს სამინისტრომ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ლექსო ლაშქარავა საქმეზე „განიხილება ზედოზირების ვერსიაც“.

5 ივლისის აქციაზე მოძალადე ჯგუფები 53 ჟურნალისტს სასტიკად გაუსწორდნენ. მათ შორის არაერთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

ძალადობრივი აქციის ორგანიზტორი, სხვებთან ერთად, მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო იყო.

___

ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

Published by ეთერ თურაძე

ეთერ თურაძე არის გაზეთ "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი 2001 წლიდან

Exit mobile version