მთავარი,სიახლეები

პრემიერს და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს მედიის საკითხებზე მომუშავე 15 ორგანიზაცია

11.07.2021 • 1474
პრემიერს და შს მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდებს მედიის საკითხებზე მომუშავე 15 ორგანიზაცია

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მედიის საკითხებზე მომუშავე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებას ავრცელებს. ეს ორგანიზაციები პრემიერ ღარიბაშვილისა და შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს გადადგომისკენ მოუწოდებენ.

კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მწუხარებას გამოვთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მწუხარებას გამოთქვამთ “TV პირველის“ ოპერატორის ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, “TV პირველის” გუნდს და საქართველოს ჟურნალისტთა კორპუსს.

ალექსანდე ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივი აქციის მონაწილეებმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ძალადობრივი ჯგუფი დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში უსწორდებოდა ფიზიკურად. მაღალია ალბათობა, რომ იგი სწორედ მიღებული დაზიანებების გამო გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 11 ივლისის განცხადებით, გამოძიება მიმდინარეობს და ამ დროისათვის დაკავებულია მხოლოდ 4 პირი.

2021 წლის 5 და 6 ივლისს თბილისში ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე მასშტაბური ძალადობა მოხდა. „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ გამართულ კონტრაქციაზე ძალადობრივი ჯგუფის წევრები მედიის წარმომადგენლებს წინასწარი განზრახვით დაესხნენ თავს, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მიზანმიმართულად დაუმტვრიეს ტექნიკა, რათა ხელი შეშლოდათ ჟურნალისტურ საქმიანობაში.

გავრცელებული კადრებიდან ცხადად ირკვევა, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არ მიიღო სათანადო ზომები ჟურნალისტების დასაცავად და მთლიანობაში, სახელმწიფოს მიერ წესრიგის დამყარებისთვის განხორციელებული ქმედებები იყო ფორმალური, რის გამოც 10-მდე მედიასაშუალების 50-ზე მეტი წარმომადგენელი ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

მმართველი პარტიის წარმომადგენელების, მათ შორის, პრემიერ-მინისტრის განცხადებები შეუთავსებელი იყო სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. 5 ივლისის მოვლენათა განვითარებამ ცხადყო, რომ ხელისუფლებამ არ დაიცვა ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა და გამოხატვის თავისუფლება.

5 ივლისს მომხდარი ძალადობის თითოეული ფაქტისთვის სრული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას. შესაბამისად, პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ თანამდებობა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის მექანიზმების გამოყენება.

ხელმომწერი ორგანიზაციები

  1. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  2. ლიბერალური აკადემია თბილისი
  3. მედიაკლუბი
  4. მედიის განვითარების ფონდი
  5. მედიის უფლებები
  6. სატელევიზიო ქსელი
  7. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  8. სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  9. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია – GYLA
  10. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  11. საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია – GRMA
  12. საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  13. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  14. უფლებები საქართველო
  15. ღია საზოგადოების ფონდი OSGF

___

დღეს, 11 ივლისს, ტვ პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოპერატორს 5 ივლისის აქციაზე მოძალადე ჯგუფები სასტიკად გაუსწორდნენ. ამ აქციაზე 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა.

გადაბეჭდვის წესი