მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რაზე მიუთითებს ფეხზე ჩალურჯება ტრავმის გარეშე – „პრევენცია ზღვა და ცურვაა“

09.07.2021 • 33439
რაზე მიუთითებს ფეხზე ჩალურჯება ტრავმის გარეშე  – „პრევენცია ზღვა და ცურვაა“

თუ ფეხებზე ხშირად გიჩნდებათ უცნობი წარმოშობის ჩალურჯება, გამომწვევი მიზეზი კი არ გახსენდებათ, შესაძლოა ეს ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე მიანიშნებდეს. ანგიოლოგი მერაბ მიქელაძე ამბობს, რომ ასეთ დროს ექიმთან ვიზიტია საჭირო, რათა სისხლის შემდედებელ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები გამოირიცხოს.

  • ბატონო მერაბ, რა შეიძლება იყოს ქვედა კიდურებზე ტრავის გარეშე გაჩენილი ჩალურჯებების მიზეზი?

ტრავმის გარეშე ჩალურჯებების ძირითადი მიზეზი არის ვენური  წნევის მომატება ქვედა კიდურებში, ანუ ვენური ჰიპერტენზია.

ვენური ჰიპერტენზია ეს არის ვარიკოზული დაავადების პათოგენეზურ რგოლში ერთ-ერთი წამყვანი. ასეთ დროს ვენაში  წნევა იზრდება და ჩნდება ვარიკოზული დაავადება. წვრილი კაპილარები, შესაძლოა, მაღალი წნევის ფონზე  გასკდეს და განვითარდეს ჩალურჯება, ანუ ჰემატომა.

ჩალურჯება ასეთ შემთხვევაში არ წარმოადგენს საშიშროებას, იმიტომ, რომ ის თავისით გაიწოვება ან, შესაძლებელია, მედიკამენტოზური დახმარების ფონზე გაიწოვოს, თუ ეს არ არის მასიური და მსხვილი ჩალურჯებები, ანუ სისხლჩაქცევები, მაგრამ ცხადია, მაინც საყურადღებოა.

თუ ჩვენ გვინდა ვიცოდეთ, ჩალურჯება ხდება თუ არა ვენური ჰიპერტენზიის გამო, უნდა შევამოწმოთ, ხომ არ არის პრობლემები სისხლის შემდედებელ სისტემაში – კოაგულოგრამაში, თრომბოციტების რაოდენობა ხომ არ არის დაქვეითებული, ხომ არ არის დაბალი პროთრომბინის მაჩვენებელი და ა.შ.

ანუ ჩალურჯება ქვედა კიდურებში, განსაკუთრებით ზაფხულში, არის განპირობებული ვენური წნევის მატებით და ვარიკოზული დაავადებით.

თუ ეს არის ჩალურჯება, სისხლჩაქცევა და არ გვეშლება სიმპტომურად სხვა რამეში, ეს თრომბის განვითარებასთან კავშირში არ არის.

  • რაზე მიანიშნებს, როცა ჩალურჯებები ტრავმის შედეგად ჩნდება, მაგრამ უფრო ადვილად და ხშირად, ვიდრე აქამდე ხდებოდა?

მექანიზმი პრინციპულად იგივეა. თუ ადამიანს ვენური წნევა აქვს, ამ შემთხვევაშიც მიკროტრავმის დროს მალე განვითარდება ჩალურჯებები.

ქვედა კიდურის სისტემაში ვენური წნევა თუ არ არის მომატებული, მიკროტრავმის შემთხვევაში ჩალურჯებები შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს ან შეიძლება უფრო პატარა ზომის იყოს. სიცოცხლისთვის საშიში არც ერთი არ არის.

  • როგო გამოიყურება? 

ხშირად ეშლებათ ჰემატომა/სისხლჩაქცევა კაპილარული ქსელის განვითარებაში, რომელმაც შეიძლება მოლურჯო ელფერი მიიღოს.

კაპილარული ქსელი დარჩება ხანგრძლივად, მუდმივადაც კი, პროცედურებით თუ არ გაქრა. შესაბამისად, ეს არ არის ჩალურჯება.

სისხლჩაქცევა/ჰემატომა კაპილარული ქსელისგან განსხვავდება, თუმცა მიზეზი ქვედა კიდურებში, როგორც წესი, არის ერთი და იგივე – ვენური ჰიპერტენზია და ვარიკოზული დაავადება.

  • ვინ არიან რისკჯგუფში?

ვენური წნევის მომატება, როგორც აღნიშნეთ, ვარიკოზული, ანუ ქრონიკული ვენური დაავადების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია, შესაბამისად, ასეთი ჰემატომების წარმოქმნის რისკჯგუფში არიან ისინი, ვისაც ყველაზე მეტად უვითარდებათ ქრონიკული ვენური დაავადება.

ძირითადად, სქესის მიხედვით, ეს ქალებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში, ასაკიც წარმოადგენს რისკფაქტორს. კერძოდ, რაც მეტია ასაკი, მით მეტია ვენური ჰიპერტენზიისა და ვარიკოზული დაავადების განვითარების რისკი.

რისკფაქტორებში ძალიან მნიშვნელოვანია წონა, გარკვეული პროფესიები, მაგალითად, სამსახურები, სადაც ადამიანებს უწევთ დიდ ხანს ფეხზე დგომა, ან მთელი დღით ჯდომა. ასევე, ზოგადად არააქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანები.

Mayo Clinic: ზოგიერთი ადამიანი – განსაკუთრებით ქალები – სისხლჩაქცევებისადმი უფრო მიდრეკილია. ასაკის მატებასთან ერთად კანიც უფრო თხელი ხდება და კარგავს დამცავ ცხიმოვან ფენას, რომელიც სისხლძარღვების დაცვას უწყობს ხელს.

  • პრევენცია როგორია?

განსაკუთრებით ზაფხულში, ბათუმში, როცა ვენური ჰიპერტენზიის და ქრონიკული ვენური დაავადების პრევენციაზე ვსაუბრობთ, უპირველესი რეკომენდაციაა ზღვა და ცურვა, ოღონდ ცურვა დილით და საღამოთი – გარუჯვის გარეშე, ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.

ზოგადად პრევენციაა აქტიური ცხოვრების წესი – ადამიანი უნდა შეეცადოს, რომ დიდხანს არ იდგეს, არ იჯდეს, თავისუფალ დროს ფეხი მაქსიმალურად დაასვენოს, ქალებმა ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ უნდა ატარონ, მამაკაცებმა – ძალიან უქუსლო. სადღაც 3-5 სმ არის ოპტიმალური სიმაღლე ფეხსაცმლისათვის.

უნდა შევეცადოთ, არ მოვამატოთ წონაში.

საერთოდ, ვენური სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით ზაფხულში, უნდა განვიხილოთ, როგორც ვარიკოზული დაავადების არსებობა, ქრონიკული ვენური დაავადების უკვე პროგრესირების ნიშანი და პაციენტმა უმჯობესია დროულად მიმართოს ოჯახის ექიმს.

აღმოჩნდა, რომ მსოფლიოში ოჯახის ექიმთან სხვა მიზეზით მისული 10 ადამიანიდან მინიმუმ 7-ს აქვს ვარიკოზული დაავადება/ქრონიკული ვენური დაავადება, აქედან გამომდინარე, უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს და ოჯახის ექიმმა უნდა მართოს ეს სიტუაცია.

გადაბეჭდვის წესი