მწვანე კონცხზე, შპს „ბიზნეს დეველოპმენტის“ მშენებარე პროექტთან ახლოს, ხუთსართულიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ნებართვას ითხოვენ. შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიაა. საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ მწვანე კონცხზე – იქ, სადაც ყოფილი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი იყო, ბიძინა ივანიშვილი სასტუმრო კომპლექს „პანორამა ბათუმს“ აშენებს.
კომპლექსი შენდება მომაღლო ადგილზე, საიდანაც დიდი, მწვანე სივრცე და ზღვის ფართო ჰორიზონტი იშლება. მოქალაქე მზევინარ ბოლქვაძე მშენებლობის ნებართვას სწორედ ამ პროექტის ქვედა ნაწილში ითხოვს.



სამშენებლო ნაკვეთიდან 130 მეტრში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი – ბარიატინსკის ყოფილი აგარაკი მდებარეობს, სწორედ ამიტომაც განიხილავს პროექტს სააგენტოს ზონალური საბჭო. ძეგლიდან 15 მეტრის რადიუსში მშენებლობას კანონი არ უშვებს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე.
ზონალურმა საბჭომ ეს პროექტი 6 აპრილს განიხილა და განმცხადებლისგან პროექტის გაბარიტების დაზუსტება მოითხოვა.