განათლება,მთავარი,სიახლეები

7 წლის ნიკა მარტო სკოლაში და მარტო კლასში [ფოტო]

22.04.2021 • 4338
7 წლის ნიკა მარტო სკოლაში და მარტო კლასში [ფოტო]

ნიკას სკოლაში ზარი არ ირეკება. „დასვენება მაშინ არის, როცა მასწავლებელი იტყვის, რომ დავისვენოთ“, – ამბობს 7 წლის ნიკა, რომელიც სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის ერთადერთი მოსწავლეა.

სოფელი ნამონასტრევი ქედაში, მდინარე მერისის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 820 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. დაბიდან შვიდი კილომეტრითაა დაშორებული.

„წლების წინ სოფელში იმდენი ადამიანი ცხოვრობდა და იმდენი სახლი იდგა, სახურავიდან-სახურავზე გადაფრინდებოდნენ ქათმები“, – გვეუბნება სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები. ის სინანულით ამბობს, რომ სოფლიდან მიგრაციამ თანდათან იმატა და მალე პატარა სკოლის კარს ერთადერთი მოსწავლე, 7 წლის ნიკუშაც მიიხურავს.

ნიკა თურმანიძე მეორე კლასშია. თავს იმით იმხნევებს, რომ მალე გაიზრდება და ისიც სხვა სკოლაში გადავა – იქ, სადაც თანაკლასელებიც ეყოლება და მეგობრებიც.

ნიკა თურმანიძე

მიუხედავად იმისა, რომ კლასში მარტოა, უხალისობას  მაინც არ გრძნობს, რადგან ახალგაზრდა მასწავლებელი ჰყავს და როგორც თანატოლი, ისე უბამს მხარს გართობასა თუ სწავლაში.

„ძალიან მიყვარს ინგლისური, ქართული და მათემატიკა. შემიძლია ასოებით სიტყვა შეგიდგინოთ ან მარცვალი. საათის ცნობაც ვისწავლე“, – გვეუბნება ნიკა.

თამთა შარაძე ნიკას მასწავლებელია. ცდილობს, რომ საკლასო ოთახში ნიკას თავისუფალი გარემო შეუქმნას. კლასის კუთხეში სამკითხველო მოაწყო, სადაც ფერად ბალიშებზე ჩამოსხდებიან ხოლმე და გაკვეთილის თემებზე მსჯელობენ.

დღეს მკვეხარა ბუზის ამბავს განიხილავენ. ნიკა, რას ნიშნავს მკვეხარა? – ეკითხება მას თამთა მასწავლებელი. ნიკა ფიქრობს, რომ მკვეხარობა  არ არის კარგი რამე, რადგან „ეტლის კოფოზე შემომჯდარი ბუზი, თავის მაქებარა და ტრაბახაა“; სინამდვილეში ეტლი მას სულაც არ მიჰყავს.

შესვენებაზე ზარი არ ირეკება, რადგან თამთა მასწავლებელი ამბობს, რომ „დასვენების დროა“, შემდეგ ნიკა და თამთა მასწავლებელი თამაშებს ირჩევენ და ეზოში გადიან.

ნიკა და მისი მასწავლებელი დასვენებაზე ბურთს ერთად თამაშობენ

ნიკა ყვითელი ბურთით გზის დასავლეთ მხარეს დგება, თამთა – საპირისპირო მხარეს. პირველი გოლი ნიკას გააქვს, მეორე კი – მასწავლებელს.

შემდეგ „კლასობანას“ ჯერია. კლასებს ნიკა და თამთა ერთად ხაზავენ და შემდეგ „კლასში“ დგებიან. პირველი ნიკა ჩამოიხტუნებს ასკინკილით „კლასებს“, შემდეგ კი – მასწავლებელი.
განტვირთვის შემდეგ მოსწავლე და მასწავლებელი ისევ საკლასო ოთახში ბრუნდებიან, მაგიდაზე ჭადრაკს შლიან და იწყებენ. რომელი იგებს ხოლმე? – ვეკითხებით ნიკას. „მე ვიგებ ხშირად, გუშინ დედაჩემსაც მოვუგე 6 ხელი“, – გვეუბნება ის.

თუმცა დასძენს, რომ თუ მასწავლებელი აგებს, არ უხარია და არც ის უხარია, როცა თვითონ აგებს.

ნიკა და თამთა მასწავლებელი კლასში

ნიკა სკოლის ოთახებს გვათვალიერებინებს, ერთ კლასში ძველი, საბჭოთა მერხები აწყვია. ამბობს, რომ ერთ-ერთი მერხი მისი მამისაა. კუთხეში წიგნების გროვიდან ძველ „დედა ენას“ იღებს და ამბობს, რომ ესეც მამისაა. „მამა დადიოდა ამ სკოლაში და ამ წიგნსაც კითხულობდა“. – გვეუბნება ნიკა. მისგან განსხვავებით მამას თანაკლასელები ჰყავდა, რამდენიმეს სახელიც კი ახსოვს.

ნიკას სოფელში თანატოლები მხოლოდ არდადეგებზე ჰყავს, როცა ქალაქიდან სოფელში დასასვენებლად ბრუნდებიან ბავშვები. მანამდე კი ველოსიპედით და ბურთით ერთობა. „შინაური ცხოველებიც მყავს, თევზებიც და მათაც ვუვლი“, – გვეუბნება ნიკა.

თავისუფალ დროს ნიკა და თამთა ჭადრაკსაც თამაშობენ

თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს და ამბობს, რომ წიგნის კითხვაც უყვარს. „ვეფხისტყაოსანიც“ წაუკითხავს და გაუგია, ტარიელმა ვეფხვი რომ მოკლა.

როგორც ბავშვების უმრავლესობა, ნიკაც ფიქრობს, რომ როცა გაიზრდება, პოლიციელი გამოვა, რადგან „ცუდ ბიჭებს ანუ ქურდებს დავიჭერო“.

ამბობს, რომ მოსწონს, როცა პატარებს ეხმარება. „ერთხელ პატარა ბავშვი წაიქცა და მე დამეხმარე წამოდგომაში. ბიჭებმა სიცილი დაიწყეს, მაგრამ რა იყო ამაში სასაცილო? უნდა დაეხმარო ადამიანს, რომ გადარჩეს“, – გვეუბნება ნიკა.

როცა ორი წლის შემდეგ ნიკა სხვა სკოლაში გადავა, სოფელ ნამონასტრევის სკოლას მოსწავლე აღარ ეყოლება. ნიკა ამბობს, რომ ამის გამო სკოლა ალბათ არ დანაღვლიანდება, რადგან მას ჯამბაზი გაართობს. „აი, ის ჯამბაზი დაელაპარაკება“, – ამბობს და თითს კედლისკენ იშვერს. კედლიდან ნიკას დახატული ფერადი ჯამბაზი გვიცინის. „მადონა ბებო დამლაგებელია და კიდევ ისიც დაელაპარაკება“, – ასკვნის ნიკა.

მოსწავლეებისა და მასწავლებლის გარეშე დარჩენილ სკოლაში ნიკას ნახატები – ხეები, ყვავილები, ფერადი ცხოველები და კლასიკოსი მწერლების ფერადი ფოტოები დარჩება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: