35 წლის მამაკაცი ბათუმში, “მედინაში” 12 იანვარს მიიყვანეს. იგი დღეს დილით გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 27 იანვრის მდგომარეობით გრიპისა და მწვავე რესპირატორულ დაავადებათა სიმპტომებით აჭარის ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებს მიმართა 57-მა პაციენტმა. სტაციონარში მკურნალობის კურსს გადის 45 პაციენტი, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებულია 5 პაციენტი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის [Ncdc] ცნობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს ისევ არ აჭარბებს და შეადგენს 332.6 შემთხვევას ყოველ 100 000 მოსახლეზე [ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე].

ncdc აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ზეგავლენის შემცირების მიზნით ქვეყნის მასშტაბით რეკომენდებულია გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

· სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებს მიეცეთ რეკომენდაცია, თუ გაცდენათა რაოდენობა კონკრეტულ დაწესებულებაში აღემატება 20%-ს, დროებით შეწყდეს მისი ფუნქციონირება, სულ მცირე, 3 სამუშაო დღის მანძილზე, რაც პირობადებულია გრიპის ყველაზე გავრცელებული ინკუბაციური პერიოდით;

· სასკოლო, სააღმზრდელო დაწესებულებებში არ დაუშვან გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების მქონე პირები;

· სასწავლო/სააღმზრდელო პროცესში გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ პირის იზოლაცია;

· ყველა დაავადებულმა გამოიჩინოს მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და გრიპისმაგვარი დაავადების სიმპტომებისას, ექიმთან მიმართვამდე, მოახდინოს თვითიზოლაცია;

· განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ორსულებმა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებმა;

· ნებისმიერმა დაწესებულებამ მაქსიმალურად გაააქტიუროს ხელების ჰიგიენის პროცედურები: სტანდარტულად ხელის დასუფთავება გამდინარე წყლითა და საპნით რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ტრანსპორტით სარგებლობის, ნებისმიერი ქმედების შემდეგ, რაც შესაძლოა უკავშირდებოდეს თვალით უხილავ დაბინძურებას;

· კონტაქტური გზით გრიპის ვირუსების შეკავების მიზნით მიზანშეწონილია სპირტის შემცველი ხელის დასამუშავებლებით აღიჭურვოს ისეთი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, სადაც მოსალოდნელია ინფიცირებულ/დაავადებულ პირთა კონცენტრაცია: აფთიაქები, პოლიკლინიკები, საავადმყოფოები, საბანკო მომსახურების ცენტრები, სატელეფონი კავშირგაბმულობისა და სხვა მომსახურების ოფისები. ხელის დასამუშავებლები უნდა განლაგდეს მოქალაქეთათვის ხელმისწვდომ და თვალსაჩინო ადგილას.

· გრიპის სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართეთ ექიმს! იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდება ისეთი სიმპტომები, როგორიცაა – სუნთქვის გართულება, ქოშინი, ცხვირ-ტუჩის მიდამოს ციანოზი, მოვარდისფრო სისხლიანი ნახველი, ლეთარგია, ჩვილ ბავშვებში – ძუძუს წოვის შეუძლებლობა, გაუწყლოვება, ყიფლიბანდის დაძაბულობა – სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს! შესაძლოა თქვენ გესაჭიროებოდეთ ჰოსპიტალიზაცია და სპეციფიკური მკურნალობა!

· გრიპისმაგვარი დაავადებების სიმპტომების მქონე პაციენტებს სეზონურ გრიპზე ლაბორატორიული კვლევები დამატებითი დიგნოსტირებისთვის, გრიპის ვირუსის ტიპების ან ქვეტიპების იდენტიფიცირებისათვის და მკურნალობის ტაქტიკის განსასაზღვრად არ ესაჭიროებათ.

სამედიცინო დაწესებულებაში გრიპის პრევენციისა და კონტროლის რეკომენდაციები:

· გრიპით დაავადებული პაციენტები უნდა მოთავსდნენ ცალკე პალატაში ან კოჰორტულად;
· შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს პაციენტების პალატის გარეთ გადაადგილება;
· პაციენტებს პალატის გარეთ გადაადგილებისას ან ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ეკეთოთ ნიღაბი;
· სამედიცინო პერსონალმა მკაცრად უნდა დაიცვას ხელების ჰიგიენის წესები
· სამედიცინო პერსონალმა უშუალოდ პალატიდან გამოსვლის წინ ხელები უნდა დაიმუშაოს ანტისეპტიკური საშუალებებით;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია, პალატაში შესვლის დროს გაიკეთოს ერთჯერადი ხელთათმანები;
· სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ატაროს ნიღაბი;
· მკაცრად უნდა იქნეს დაცული დეზინფექციისა და სტერილიზაციის ჩატარების წესები

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version