ავღანეთში ქალები ხშირად ხდებიან სხვადასხვა რელიგიური და ექსტრემისტული ჯგუფის თავდასხმის მსხვერპლი. ბოლო თვეებში ამ ქვეყანაში ოთხი ქალი მოკლეს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ტელევიზიაში მუშაობდნენ.

„ბიბისის“ ცნობით, ქალაქ ჯალალაბადში ერთ-ერთმა ტელევიზიამ ყველა თანამშრომელი ქალი გაუშვა სამსახურიდან მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით. ამ ტელევიზიის ოთხ თანამშრომელ ქალს სხვადასხვა დროს ესროლეს და მოკლეს, როცა ისინი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდნენ. ოთხიდან 3 ქალი პოპულარულ თურქულ და ინდურ სერიალებს ახმოვანებდა, ერთი კი ტელეწამყვანი იყო.

„ექსტრემისტებს არ უნდათ ქალები ტელევიზიაში მუშაობდნენ. ისინი ამბობენ, რომ ქალი სახლში უნდა იყოს“, – უთხრა „ბიბისის“ ტელევიზიის დირექტორმა.

მედიის ცნობით, ქალების მკვლელობაზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ისლამურ სახელმწიფოს“ უწოდებს.

ავღანეთი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად მიიჩნევა ჟურნალისტური საქმიანობისთვის. 2018 წლიდან დღემდე ავღანეთში 30-ზე მეტი ჟურნალისტი მოკლეს.

____________________

ფოტოზე: კადრი „ბიბისის“ ვიდეომასალიდან. 

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version