ქობულეთში პეტრას ციხის გახსნა ვიზიტორებისთვის 2021 წლის 18 აპრილს იგეგმება, თუმცა ნალექიანი ამინდის შემთხვევაში გახსნის ღონისძიების ჩატარების თარიღი შეიძლება შეიცვალოს.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ [კმდს] „განახლებული პეტრას ციხის გახსნის ღონისძიების ორგანიზებაზე“ ტენდერი გამოაცხადა. მომსახურებას სააგენტო მაქსიმუმ 19 ათას ლარად შეისყიდის.

ტენდერის პირობით, მომსახურებაში შედის:

  • „ორი ვიდეორგოლის გადაღება და მონტაჟი;
  • ფოლკლორული, ქალაქური და კლასიკური სიმღერების შემსრულებლის მოწვევა [ღონისძიებაზე შესრულებული უნდა იყოს არანაკლებ 7 სიმღერისა]. მომღერალი უნდა იყოს მუსიკალური კონკურსების გამარჯვებული ან წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონიის ლაურეატი.
  • საქსაფონისტის ან მევიოლინეს მოწვევა, რომელიც შეასრულებს არანაკლებ 10 კომპოზიციას.
  • ქვიშაზე ხატვის შოუს ორგანიზება; საგამოფენო კუთხის მოწყობა და სხვა ღონისძიებები.
  • ასევე ლენტის გაჭრის ცერემონიისათვის საჭირო ინვენტარის უზრუნველყოფა [სააგენტოს ლოგოთი დაბრენდილი ლენტი, არანაკლებ 2 მეტრისა; 2 ოქროსფერი ბოძი-ლენტის დასამაგრებლად; 5 ცალი დიდი ზომის მეტალის მაკრატელი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი; სპეციალური ბალიშები რაზეც 5 მაკრატელი განთავსდება მისაწოდებლად“.

ძეგლის დათვალიერება ვიზიტორებისთვის ფასიანი იქნება,  ბილეთის ფასი: 1-დან 5 ლარამდე.

ადმინისტრაციული შენობა, არქეოლოგიური მუზეუმი, კინოსაპროექციო ოთახი, კაფე, სავალი ბილიკები, საპირფარეშო, მინის მოაჯირი ზღვის მხარეს, ლიმონარიუმის რესტავრაცია, ლიფტების მონტაჟი – ეს ის ძირითადი ინფრასტრუქტურაა, რის მოწყობასაც პროექტი ითვალისწინებდა. სამუშაოებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დარჩენილია ლიფტების მონტაჟის სამუშაოები.

პეტრას ციხეზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ ნახოთ ამ ბმულზე

მთავარი ფოტო: პეტრას ციხე/ფოტო: სააგენტო

პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version