აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 20 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 26 006 ტონა სტანდარტული მანდარინი, გადამუშავებულია 8943 ტონა. სამრეწველო მანდარინის გადამუშავების შედეგად მიღებული შემოსავალი 1 718 773,5 ლარს შეადგენს, აქედან სახელმწიფო სუბსიდიის თანხა 844 179,1 ლარია.

მთავრობის მონაცემებით, სტანდარტული მანდარინის ექსპორტი ძირითადად შემდეგ ქვეყნებში ხორციელდება: რუსეთი – 78.28% (20 358 ტონა), უკრაინა – 44. 83% (38 57ტონა), სომხეთი – 3.06%  (785 ტონა), აზერბაიჯანი – 0.94% (244 ტონა), ყაზახეთი – 1.72% (447 ტონა), ბელორუსია – 0.95 % (242 ტონა), სხვა ქვეყნები – 0.29 % (74 ტონა).

ქვეყნის ტერიტორიაზე მანდარინის გადამუშავებას ექვსი ქარხანა აწარმოებს: ქობულეთში Georgian Industrial Asset Management Group და შპს TCF Georgia, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში GEO-Flowers, ქედაში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ქედა“, ჩოხატაურში შპს ,,კახური ტრადიციული მეღვინეობა-აგრო-ჩოხატაური“ და გორში შპს ,,გსქ კულა“.

აჭარასა და გურიაში მანდარინის ჩაბარება შესაძლებელია 40-მდე დამახარისხებელ (შემფუთავ) პავილიონში.
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს პროექტის ფარგლებში, კომპანიები, რომლებიც 1 კგ სამრეწველო გადამუშავებისთვის განკუთვნილ მანდარინს არანაკლებ 20 თეთრად შეისყიდიან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსგან 1 კგ მანდარინზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას იღებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გაცემული სუბსიდიის თანხა 399 718 ლარს შეადგენს. სუბსიდია გაცემულია იმ ქარხნებზე, რომლებსაც წარდგენილი აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია.

 

 

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version